
რატომ არის "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციური? - იურისტის მოსაზრება
GT Consulting-ის პარტნიორის და იურისტის, ვასილ ჟიჟიაშვილის განცხადებით, "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ბიზნესსუბიექტებისთვის საჯარო-პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვასა და დარღვევის შემთხვევაში მკაცრი სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს, კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და მეწარმეობის თავისუფლებებეს არღვევს.
ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ფიტნესკლუბ "რეფორმერის" დამფუძნებელ გიორგი ფუტკარაძეს წარმოადგენს, რომელმაც "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები გაასაჩივრა და სადავო ნორმების გაუქმებაც მოითხოვა.
როგორც იურისტმა "საქმიანი დილას" ეთერში განმარტა, წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი ორ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას ეფუძნება. ჟიჟიაშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ დასახელებული მოტივი, დაიცვას საზოგადოება ბიზნესის გავლენისგან, არ შეესაბამება კონსტიტუციით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს.
"კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ეს მხოლოდ ძალიან მკვეთრად განსაზღვრული ლეგიტიმური, ანუ ღირებული ინტერესების არსებობისას არის დასაშვები. ბიზნესი საკუთარ ეკონომიკურ თუ სხვა სახის გავლენას ყოველთვის გამოიყენებს და დემოკრატიისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მეწარმეს, გარდა იმისა, რომ ბევრს შრომობს, დოვლათს ქმნის და გადასახადებს იხდის, საზოგადოების განვითარებაზე საკუთარი ხედვის გამოხატვის შესაძლებლობაც ჰქონდეს", - აცხადებს ვასილ ჟიჟიაშვილი.
მისივე განმარტებით, თანამედროვე სამყაროში ბრენდების ღირებულებები და პოზიციონირება მომხმარებლისთვის გადამწყვეტი გახდა, რაც თვალსაჩინო გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მაგალითზეც.
"თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ბრენდის მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესია იცოდეს ამ ბრენდის ღირებულებათა სისტემა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ აქტიური მომხმარებლებისთვის მხოლოდ სერვისი ან პროდუქტის ხარისხი აღარ არის საკმარისი. მათთვის მნიშვნელოვანია ისიც, თუ სად დგახარ - უჭერ თუ არა მხარს რუსეთის დამპყრობლურ მიზნებს. ამიტომ მივიჩნევთ, რომ მოცემულ შემთხვევაში გიორგი ფუტკარაძესა და მის ბიზნესს სწორედ ამ შესაძლებლობას ართმევენ", - ამბობს იურისტი.
