
"ბაზრის მცირე ზომა დაბრკოლება არ არის" - რატომაა წიაღის სექტორი უნიკალური ინვესტორისთვის|მოსაზრება
კომპანია Colliers Georgia Mining & Minerals Solutions-ის მმართველი პარტნიორის მაია ზავრაშვილის აზრით, წიაღის სექტორი „ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს“ პრიორიტეტული სფეროების სიაში უნდა მოხვდეს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
საქმე ის არის, რომ როგორც რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ მთავრობა 9 წლის წინ გაუქმებულ საინვესტიციო სააგენტოს აღადგენს და მას „ინვესტიციებისა და ექსპორტის სააგენტო“ ერქმევა.
მაია ზავრაშვილი მიიჩნევს, რომ გლობალური ენერგეტიკული ტრანზიციისა და წიაღისეულზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, საქართველომ სამთო-მომპოვებელი სექტორი ქვეყნის საინვესტიციო პრიორიტეტებს შორის უნდა დააყენოს.
მისი თქმით, წიაღის სექტორი არის ის უნიკალური მიმართულება, სადაც ბაზრის მცირე ზომა დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან პროდუქცია სრულად ექსპორტზეა ორიენტირებული.
მაია ზავრაშვილის რეკომენდაციაა, ახალი სააგენტოს მენეჯმენტმა აქცენტი სწორ კომუნიკაციასა და ზუსტ მიზნობრივ აუდიტორიაზე უნდა გააკეთოს, რათა ქვეყნის რესურსული პოტენციალი რეალურ კაპიტალად იქცეს.
ამასთან, წიაღის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა „წერტილთან“ ინტერვიუში რამდენიმე საკვანძო ფაქტორი გამოყო, რაც სექტორის „შეფუთვისა“ და გაყიდვისთვის არის აუცილებელი.
სექტორის პრიორიტეტულობა: „წიაღის მოპოვება უნდა დადგეს ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის გვერდით, როგორც უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყარო“, - ამბობს ის.
ექსპორტზე ორიენტირებულობა: „ინვესტორისთვის საქართველოს შიდა ბაზრის სიმცირე არ არის პრობლემა, რადგან მოპოვებული ნედლეული გლობალურ ბაზარზე გადის“, - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.
ფისკალური და მარეგულირებელი ჩარჩო: „რესურსებთან ერთად, გადამწყვეტია გამჭვირვალე წესები და სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის მხარდაჭერა“, - დასძინა მან.
ამასთან, წიაღის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მხოლოდ კარგი პროექტი საკმარისი არ არის და აუცილებელია, ზუსტად განისაზღვროს, რა კალიბრის კომპანიას ვთავაზობთ კონკრეტულ ობიექტს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდე, ვის ესაუბრები, რა მასშტაბზე ესაუბრები და რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეს შენი შესაძლებლობებიდან. მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც პროექტი იდეალურად იყო დამუშავებული, მაგრამ ინვესტორი იყო არასწორი ზომის - ან ზედმეტად დიდი, ან ზედმეტად მცირე კალიბრის,“ - განაცხადა მაია ზავრაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge