
ბირჟაზე SpaceX-ის დებიუტი $1.75-ტრილიონიანი შეფასებით შედგება
ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის ემზადება. კომპანია გეგმავს, რომ თითო აქციის ფასი $135-ით განსაზღვროს და ბაზარზე 555.6 მილიონი აქციის განთავსებით რეკორდული $75 მილიარდი მოიზიდოს.
საჯარო ვაჭრობის დაწყების მომენტიდან SpaceX-ის კაპიტალიზაცია $1.75 ტრილიონს გაუტოლდება, რითაც ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული საჯარო კომპანია გახდება. საინვესტიციო პრეზენტაციები მიმდინარე კვირაში დაიწყება, Nasdaq-ის ბირჟაზე სადებიუტო ვაჭრობა კი, სადაც კომპანია "SPCX" სიმბოლოთი წარდგება, 12 ივნისს არის დაგეგმილი.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს საჯარო შეთავაზება უოლ-სტრიტის ტრადიციულ პრაქტიკას მკვეთრად არღვევს. ფასის დიაპაზონის დადგენისა და მოთხოვნის მიხედვით მისი კორექტირების ნაცვლად, SpaceX-მა წინასწარ ფიქსირებული ფასი დააწესა, რაც ინვესტორების მხრიდან შეფასების უპირობო მიღებას გულისხმობს. ამასთან, აქციების 30% საცალო ინვესტორებისთვის გამოიყოფა, მოზიდული კაპიტალი კი სრულად კომპანიის განვითარებას მოხმარდება და არა არსებულ აქციონერებს. პარალელურად, ილონ მასკმა აიღო ვალდებულება, რომ საკუთარ წილს აქციების ბირჟაზე განთავსებიდან მინიმუმ 366 დღის განმავლობაში არ გაყიდის.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, კომპანიის შემოსავლებმა 2025 წელს $18.67 მილიარდი შეადგინა, თუმცა წელი $4.94-მილიარდიანი წმინდა ზარალით დასრულდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსავალი $4.69 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზარალის მოცულობამაც მოიმატა. ამ დროისთვის კომპანიის მთავარ ფინანსურ გენერატორად თანამგზავრული ქსელი Starlink-ი რჩება, კოსმოსური კვლევები და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებები კი სოლიდურ კაპიტალურ დანახარჯებს მოითხოვს. კორპორაციული მართვის კუთხით კითხვებს აჩენს აქციების ორკლასიანი სტრუქტურაც, რომელიც ხმის მიცემის ძირითად უფლებას ილონ მასკს უტოვებს.
BM.GE
წყარო: bm.ge