
ბიზნეს სესხების ზღვრის 50%-მდე შემცირება საშუალებას მოგვცემს პორტფელი მრავალფეროვანი გავხადოთ - მიკრობანკი MBC
“ცალსახად, ძალიან მისასალმებელია”-ასე აფასებს მიკრობანკი MBC-ის გენერალური დირექტორი უმრავლესობის დეპუტატების მიერ პარლამენტში ინიიცირებულ ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, მიკრობანკების საქმიანობა ფართოვდება. კერძოდ, თუ დღეს მიკრობანკებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ სესხების გაცემა, მათ მომავალში უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაც შეეძლებათ. ამასთან, იცვლება პორტფელის კომპოზიციაც.
სამეწარმეო მიზნებისთვის გაცემული სესხების მინიმალური წილი 70%-დან 50%-მდე შემცირდება, ხოლო ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი 1 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება. კანონპროექტის ავტორების თქმით, ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი საბანკო სექტორში კონკურენციის წახალისება და ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის მარეგულირებელი მოთხოვნების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა.
მიკრობანკ MBC-ის გენერალური დირექტორის შეფასებით, პორტფელში ბიზნეს სესხების წილის 50%-მდე შემცირება მიკრობანკებს საშუალებას მისცემს, უფრო მრავალფეროვანი გახადონ თავიანთი პორტფელი და მომხმარებელს სამომხმარებლო სესხებიც შესთავაზონ, უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების უცხოურ ვალუტაშივე გაცემა, კი მიკრობანკებს სავალუტო რისკების ჰეჯირების და დაბალი საპროცენტო განაკვეთების შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს.
„ბიზნეს სესხების 70%-იანი ზღვრის 50%-მდე შემცირება საშუალებას მისცემს მიკრობანკებს უფრო მრავალფეროვანი გახადონ თავიანთი პორტფელი. რა თქმა უნდა, მანდატი კვლავ ძალაშია, რომ ბიზნეს მოდელი მიკრობანკისა არის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება, თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია სამომხმარებლო სესხები, რაც ჩვენს კლიენტურას ძალიან აინტერესებს. მათზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და კარგია, რომ ჩვენ გვექნება საშუალება, მათ შორის, ამ ტიპის პროდუქტებით შევთავაზოთ მომხმარებელს.
მეორე ცვლილებაზეც ასევე ძალიან მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ არის ძალიან წინ გადადგმული და კარგი ნაბიჯი. ეს არის ზღვრის გაზრდა და გაორმაგება 1 მილიონი ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. ეს არა მარტო იძლევა საშუალებას უფრო მცირე და საშუალო დაკრედიტებაში სრულფასოვნად შესვლისა, არამედ 1 მილიონის ზემოთ უკვე ჩნდება შესაძლებლობა უცხოურ ვალუტაში დაფინანსების, რაც ძალიან საინტერესოა. ჩვენ ადრეულ ეტაპზეც, როცა მიკრობანკის კანონი შემოდიოდა, ვითხოვდით, რომ რაღაცნაირად არ ყოფილიყო მხოლოდ ლარში დაკრედიტება შეზღუდული მიკრობანკებისთვის და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პერსპექტივა დადებითად აისახება მიკრობანკების ბიზნესზე ზოგადად”-აცხადებს პეტრიაშვილი.
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ასევე ითვალისწინებს საქმიანობის დასაწყებად ლიცენზირების გამარტივებულ პროცედურებს, რამაც საკანონმდებლო პაკეტის ავტორების შეფასებით, შესაძლოა მიკრობანკების სექტორში ახალი მოთამაშეების შემოსვლა წაახალისოს. ბაზრის მოთამაშეების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ მომავალშიც არ გამოჩნდებიან ახალი მიკრობანკები, სებ-ს დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დასჭირდება.
“მე უფრო ვიტყოდი, რომ დაიხვეწა თამაშის წესები. გამარტივდა თუ არა, ამას მომავალი გვაჩვენებს. გავიდა ორი წელი და, სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით ახალი მოთამაშე ამ ბაზარზე არ ჩანს. ეს მიუთითებს იმას, რომ ბაზარზე შესვლის ბარიერი დაბალი ნამდვილად არ არის. მე ნამდვილად არა ვარ იმის მომხრე, რომ ბარიერი ძალიან დაბალი იყოს, მაგრამ უნდა იყოს გონივრულ ფარგლებში. თუ კიდევ გავიდა რამდენიმე წელი და არ გამოჩნდა ახალი მოთამაშე მიკრობანკების სექტორში, დასაფიქრებელი იქნება რაღაცა ცვლილებებზე შემდეგი ნაბიჯების განხორციელება”,-აცხადებს MBC-ის გენერალური დირექტორი.
მიკრობანკებისთვის საქმიანობის გაფართოების გარდა, უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტით მიკრობანკებს ეროვნული ბანკის თანხმობით საშუამავლო მომსახურების გაწევის და ამ გზით დამატებითი შემოსავლის დაგენერირების შესაძლებლობაც ექნებათ.
დღეს საფინანსო ბაზარზე მხოლოდ ორი მიკრობანკი, MBC და კრისტალი ოპერირებს, მათი ჯამური საკრედიტო პორტფელი 2026 წლის 9 თვის მონაცემებით 768.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 5.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება მიკრობანკების მიერ მოზიდული ანაბრების პორტფელს, 9 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 77.5 მლნ ლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს თითქმის სამჯერ აღემატება.
BM.GE
წყარო: bm.ge