
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
თიბისიმ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან - IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და იტალიურ ფინანსურ ინსტიტუტთან - CDP, ხელი მოაწერა 90 მილიონი დოლარის 5-წლიან სასესხო ხელშეკრულებებს. პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
თანამშრომლობის ფარგლებში, MSME ბიზნესისთვის გრძელვადიანი სესხით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდება და ის უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ბიზნესებს ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას და მდგრადი განვითარების მოტივაციას მისცემს.
IFC-ის მიერ თიბისისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი - 50 მლნ დოლარს შეადგენს CDP-ის მიერ გამოყოფილი კი - 40 მლნ დოლარს. აღნიშნული ტრანზაქცია პირველი პრეცედენტია, როცა უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Cassa Depositi e Prestiti-მა სასესხო ხელშეკრულება ქართულ ბანკთან გააფორმა.
„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, IFC-სა და CDP-სთან თანამშრომლობით, 90 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსის მოვიზიდეთ. აღნიშნული ტრანზაქცია შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებლებს გრძელვადიანი ფინანსური პროდუქტები გაუმჯობესებული პირობებით შევთავაზოთ და კიდევ უფრო გავუმარტივოთ მათ ცხოვრება. გვჯერა, რომ ამ თანამშრომლობით მხარს დავუჭერთ ბიზნესების ზრდასა და განვითარებას ქვეყანაში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის - ენერგოეფექტურობის მხარდაჭერაში. ეს შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაგვაახლოვებს და კიდევ უფრო გაამყარებს ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქართული საბანკო სექტორის მიმართ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი.
„საქართველოში მცირე ბიზნესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, თუმცა ბევრი მცირე კომპანიისთვის ჯერ კიდევ რთულია გრძელვადიანი დაფინანსების მიღება.თიბისი ბანკთან პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ენერგორესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, კერძო ბიზნესის ზრდას, განვითარებაში თანხების ინვესტირებას და სამუშაო ადგილების შექმნას’’, - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში.