
ბიზნესებს ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას ელექტრონული აქტის გამოწერა მოუწევთ - ბრძანება
2026 წლის 1 დეკემბრიდან კომპანიებსა და სხვა გადასახადის გადამხდელებს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა და გამყიდველის მიერ მისი დადასტურების უზრუნველყოფა მოუწევთ. შესაბამისი წესი ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებით განისაზღვრა.
როგორც BDO-ს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის 27 ოქტომბერს გამოიცა ფინანსთა მინისტრის №332 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში.
ცვლილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება მიენიჭა, გადასახადის გადამხდელთა ცალკეული კატეგორიებისთვის ან კონკრეტული საქონლის მიმართ განსაზღვროს საქონლის მიწოდების, მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვის სპეციალური ფორმა და წესი. ამ წესების დაცვით შედგენილი დოკუმენტი შესაბამისი ოპერაციის ხარჯის დამადასტურებლად ჩაითვლება და დამატებითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭირო აღარ იქნება. თუმცა, ეს გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სააღრიცხვო ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს.
ამ ცვლილების საფუძველზე, 2026 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის უფროსის №24839 ბრძანებაც, რომლითაც ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას აქტის გამოწერის კონკრეტული წესი განისაზღვრა. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ასეთი შესყიდვისას გადასახადის გადამხდელმა შესყიდვის აქტი შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდის მეშვეობით ელექტრონულად უნდა გამოწეროს და გამყიდველ ფიზიკურ პირს მისი დადასტურება უზრუნველყოს.
აქტის გამოწერა სავალდებულო არ იქნება, თუ შესყიდვაზე უკვე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი. გამონაკლისია ასევე ხე-ტყისა და რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქონლის შესყიდვა.
შესყიდვის აქტის გამოწერა ნებაყოფლობითი იქნება ფიზიკური პირისგან მომსახურების შეძენისას, ასევე სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის მქონე პირებისა და დღგ-ის გადამხდელი ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში.
აქტი უნდა გამოიწეროს საქონლის შესყიდვის თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვამდე. გამყიდველ ფიზიკურ პირს კი დოკუმენტის დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობა ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში ექნება.
ახალი წესი 2026 წლის 1 დეკემბრიდან განხორციელებულ შესაბამის სამეურნეო ოპერაციებზე გავრცელდება.
BM.GE
წყარო: bm.ge