
ბიზნესისთვის მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი ეფექტიანად კონკურენტული არ არის - ComCom
კომუნიკაციების კომისიის წინასწარი კვლევის თანახმად, იურიდიული პირებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზარი ეფექტიანად კონკურენტული არ არის. კომისიამ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტის პირველადი შედეგები გააცნო.
კომისიის თანახმად, კონკურენციის პრობლემა ეხება იურიდიული პირებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზარს. საუბარია ბიზნესკომპანიებისა და საჯარო დაწესებულებებისთვის განკუთვნილ ინტერნეტკავშირზე, რომელიც გამოყოფილი არხებით მიეწოდებათ და მაღალი ხარისხითა და საიმედოობით ხასიათდება.
კომუნიკაციების კომისიის წინასწარი შეფასებით, ეს ბაზარი ეფექტიანად კონკურენტული არ არის. ამასთან, კვლევა მოიცავს შესაბამის საბითუმო ბაზარსაც, კერძოდ, გამოყოფილი არხების ტერმინაციის სეგმენტს.
ComCom-ის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის შემდეგ კვლევის პირველადი დოკუმენტი ავტორიზებულ პირებს მოსაზრებების წარსადგენად გაეგზავნებათ. ამის შემდეგ დოკუმენტი საჯარო კონსულტაციისთვის გამოქვეყნდება, რომლის ფარგლებშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შეეძლება. მიღებული უკუკავშირის განხილვის შემდეგ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევა კომისიამ 2022 წელს, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობით დაიწყო. პროექტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის პროგრამის, „AA Facility“-ის ფარგლებში მიმდინარეობს. კვლევის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა, მეორე ეტაპი კი 2025 წელს დაიწყო.
მეორე ეტაპის ფარგლებში ComCom იკვლევს იურიდიული პირებისთვის არასტანდარტული პირობებით შეთავაზებული ინტერნეტმომსახურებების საცალო ბაზარს და შესაბამის საბითუმო ბაზრებს, მათ შორის ფიქსირებულ ლოკაციაზე მაღალი ხარისხის მომსახურებებზე დაშვების ბაზარს. პარალელურად, შესწავლილია საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების საბითუმო ბაზარი, IP ტრანზიტის საბითუმო ბაზარი, მათ შორის გლობალურ ინტერნეტრესურსებთან დაშვება, ასევე გამოყოფილი არხების მაგისტრალური და ე.წ. Backhaul მონაკვეთების ბაზრები.
2026 წლის მდგომარეობით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტი ფიზიკური პირების (შინამეურნეობების/ოჯახების) რიცხვია 1.13 მილიონი, ხოლო აბონენტი იურიდიული პირების რაოდენობა 57,431-ს შეადგენს, ეს მოიცავს როგორც კერძო კომპანიებს, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს.
BM.GE
წყარო: bm.ge