
ერთი ახალი სამგზავრო მატარებელი $24.6 მლნ-მდე დაჯდება - $246 მილიონიანი პროექტის დეტალები
საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესაძენად საერთაშორისო შესყიდვისთვის ემზადება - ორგანიზაციის მიერ ADB-ის სისტემაში ბაზრის წინასწარი მოკვლევა უკვე გამოცხადებული იყო.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მატარებლები სამვაგონიანი უნდა იყოს, მინიმუმ 200 დასაჯდომი ადგილით. მათი კონსტრუქციული სიჩქარე 160 კმ/სთ-ს უნდა აღწევდეს, ვაგონების კორპუსის საექსპლუატაციო ვადა კი 40 წლით არის განსაზღვრული.
საქართველოს რკინიგზამ შესყიდვის მოსამზადებლად საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა. მისი მიზანია პოტენციური მწარმოებლების შესაძლებლობების შეფასება, ტექნიკური მოთხოვნების დაზუსტება და მიწოდების პირობებზე ინფორმაციის მიღება. საბოლოო სატენდერო პირობები ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება.
აზიის განვითარების ბანკის პროექტის დოკუმენტაციაში 246 მლნ დოლარის დაფინანსებაა მითითებული, შესაბამისად ერთი შემადგენლობის სავარაუდო ფასი 24.6 მილიონი დოლარის ფარგლებშია. პროექტის შესახებ ტექნიკური დოკუმენტაცია სწორედ ADB-ის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
პროექტის აღწერაში ახალი მატარებლების საჭიროება, მათ შორის, თბილისი-ბათუმის, თბილისი-ფოთის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი-ქუთაისის მიმართულებებზე მოძრავი შემადგენლობის დეფიციტის შემცირებასა და მომსახურების სიხშირის გაზრდას უკავშირდება.
რა ტექნიკური მოთხოვნები აქვს რკინიგზას
ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეული ელექტრომატარებელი სამი ვაგონისგან უნდა შედგებოდეს. 10 მატარებლის შეძენა ჯამში 30 ვაგონის მიწოდებას გულისხმობს.
მატარებლების მაქსიმალური საექსპლუატაციო სიჩქარე 120 კმ/სთ-ით არის განსაზღვრული, კონსტრუქციული სიჩქარე კი 160 კმ/სთ უნდა იყოს. თითოეული შემადგენლობა ასინქრონული წევის ძრავებით უნდა აღიჭურვოს, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე 2,000 კვტ-ს შეადგენს.
ახალი მატარებლები 1,520 მმ სიგანის ლიანდაგზე უნდა გადაადგილდებოდეს. ელექტრომომარაგების ნომინალური ძაბვა 3,000 ვოლტი მუდმივი დენით უნდა იყოს, დასაშვები ძაბვის დიაპაზონი კი 2,300-4,000 ვოლტს შორის განისაზღვრება.
მგზავრთა ტევადობის მხრივ, თითოეულ მატარებელს მინიმუმ 200 დასაჯდომი ადგილი უნდა ჰქონდეს. ტექნიკურ პირობებში ასევე მითითებულია ფეხზე მდგომი მგზავრების სიმჭიდროვე, კვადრატულ მეტრზე 7 მგზავრის ოდენობით.
მატარებლები უნდა მუშაობდეს -20-დან +45 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზე და ჰაერის 95%-მდე ფარდობითი ტენიანობის პირობებში. დოკუმენტაციის თანახმად, მათი ექსპლუატაცია ზღვის დონიდან არანაკლებ 1,200 მეტრის სიმაღლეზეც უნდა იყოს შესაძლებელი.
ტექნიკური მოთხოვნები ითვალისწინებს 17 ტონაზე არაუმეტეს ღერძულ დატვირთვას და 120-მეტრიანი რადიუსის მქონე მოსახვევში გადაადგილების შესაძლებლობას.
რა ვადებში უნდა მიეწოდოს რკინიგზას 10 ახალი სამგზავრო მატარებელი
საქართველოს რკინიგზის მიერ პოტენციური მიმწოდებლებისთვის მომზადებული კითხვარის მიხედვით, სავარაუდო გრაფიკი ათივე მატარებლის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში მიწოდებას ითვალისწინებს.
მწარმოებლებმა უნდა მიუთითონ, რამდენად მისაღებია მათთვის ეს ვადა, რა მოცულობის წარმოება შეუძლიათ ყოველთვიურად და რამდენ ხანში შეძლებენ რკინიგზისთვის განკუთვნილი მატარებლების წარმოების დაწყებას.
კომპანიებს ასევე სთხოვენ, წარმოადგინონ ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული მსგავსი კონტრაქტების შესახებ, მათ შორის, რამდენი მატარებელი დაამზადეს, მიაწოდეს და ექსპლუატაციაში გაუშვეს. კითხვარი მოიცავს ავანსის სასურველ ოდენობას, სატენდერო წინადადების მოსამზადებლად საჭირო დროსა და შესაძლო მიწოდების რისკებსაც.
BM.GE
წყარო: bm.ge