
"ბიზნესსუბიექტი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს" - კობახიძე განმარტავს, ვის ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენი პოლიტიკურ განცხადებას კომპანიის სახელით გააკეთებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ კომპანიის ხელმძღვანელს დაეკისრება - ამის შესახებ კობახიძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არ უნდა ჰქონდეს მეწარმე სუბიექტს უფლება, გამოხატოს აზრი მისთვის საინტერესო საკითხებზე, რაც უშუალოდ იურიდიული პირის საქმიანობასთან შეიძლება არ იყოს დაკავშირებული, და ხომ არ არის ეს "ბიზნესის დუმილის კანონი" - ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ შეზღუდვა არა ფიზიკურ პირებს, არამედ უშუალოდ კომპანიებს ეხება:
"კანონის შინაარსს რომ შევხედოთ, არცერთ ბიზნესმენს, როგორც ასეთს, არ ეკრძალება აზრის გამოხატვა... ნებისმიერ ბიზნესმენს, როგორც ასეთს, შეუძლია, ინდივიდუალურად შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი. მაგრამ ჩვენ გვქონდა უამრავი შემთხვევა, როდესაც კომპანიები გამოხატავდნენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს. კომპანიას არავითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკასთან, არც ხელისუფლების სასარგებლოდ და არც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. კომპანია, როგორც ასეთი, ბიზნესსუბიექტი, პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს", - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კანონი სასჯელის სახით პასუხისმგებელი პირის პატიმრობასაც ითვალისწინებს და დაინტერესდა, კომპანიაზე ვრცელდება ეს პასუხისმგებლობა, თუ რა საფრთხე ემუქრება რეალურად ბიზნესს.
პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პერსონალურად კომპანიის ხელმძღვანელ პირს დაეკისრება.
"პასუხისმგებელი სუბიექტი ვინც არის, კომპანიის სახელით თუ გაკეთდა უკანონო განცხადება, კანონსაწინააღმდეგო განცხადება, ამ შემთხვევაში, ვინც არის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მაგალითად, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა – ვინც არის პერსონალურად პასუხისმგებელი კომპანიის სახელით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებაზე", - განაცხადა კობახიძემ.