
"ბლექ სი არენას" სახურავი დაზიანებულია - მის აღდგენაზე უტენდეროდ ₾2.66 მლნ დაიხარჯება
შპს „სთარინგ ჯორჯია“, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო კომპანიაა, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ დაზიანებული სახურავის ლითონის კონსტრუქციის აღდგენისთვის 2.66 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვას გეგმავს.
შესყიდვა მოიცავს როგორც პროექტირებას, ისე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით განხორციელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 663 844.73 ლარია. შესყიდვის საფუძვლად მითითებულია ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების აუცილებლობა.
კომპანიის განმარტებით, „ბლექ სი არენას“ სახურავის ლითონის კონსტრუქცია დაზიანებულია და საჭიროა მისი დეტალური ტექნიკური შესწავლა, დაზიანებული ელემენტების იდენტიფიცირება და შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებების მომზადება. პროექტი ასევე ითვალისწინებს არსებული მდგომარეობის დოკუმენტაციის, KMD დეტალური ნახაზების, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და ექსპერტიზას, რის შემდეგაც უნდა შესრულდეს დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის ან საჭიროების შემთხვევაში გაძლიერების სამუშაოები.
შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, „ბლექ სი არენას“ სახურავის დაზიანების გამო საკონცერტო დარბაზს უკვე ორი სეზონია ფუნქციონირება შეწყვეტილი აქვს. კომპანიის განცხადებით, ობიექტის აღდგენა აუცილებელია მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისა და კულტურული და საკონცერტო ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობის აღსადგენად.
პროექტის განხორციელების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 12 თვეა. აქედან პროექტირებისა და მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 5 თვე, ხოლო მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის — არაუმეტეს 7 თვე. პროექტის დაწყების საორიენტაციო თარიღად 2026 წლის 1 ნოემბერი, დასრულების თარიღად კი 2027 წლის 31 ოქტომბერია მითითებული.
„სთარინგ ჯორჯიას“ განმარტებით, შესყიდვის დაჩქარების ერთ-ერთი მიზეზი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული კლიმატური პირობებია. სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი ლითონის კონსტრუქციების მონტაჟსა და შედუღებას მოიცავს, რომელთა შესრულებაც შესაბამის მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. კომპანიის განცხადებით, მცირე ნალექმაც კი შესაძლოა სამუშაოების შეჩერება ან გადავადება გამოიწვიოს.
დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტის საბოლოო ტექნიკური მოცულობის განსაზღვრა არსებული კონსტრუქციის ადგილზე დეტალური შესწავლის შემდეგ არის შესაძლებელი. ამ მიზეზით, კომპანია პროექტირებისა და მშენებლობის ერთიან, Design-Build მიდგომას იყენებს.
შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ბაზრის კვლევის განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზრის კვლევის მოდულში 6-ჯერ გამოცხადდა, რაც კომპანიის განმარტებით, შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობებისა და გამოცდილების მქონე პოტენციური მიმწოდებლის მოძიებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე მიუთითებს.
კომპანია ასევე ითხოვს, რომ ერთი ფიქსირებული სახელშეკრულებო ფასის პირობებში მიმწოდებელს ფაქტობრივი ხარჯების, მათ შორის ზედნადები ხარჯების, დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება არ დაეკისროს. „სთარინგ ჯორჯიას“ განმარტებით, ეს ადმინისტრაციული პროცედურების შემცირებას და შესრულებული სამუშაოების მიღებისა და ანაზღაურების პროცესის დაჩქარებას ემსახურება. ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ხარისხისა და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი საექსპერტო დასკვნით შენარჩუნდება.
BM.GE
წყარო: bm.ge