
ბოლო 4 წელიწადში პირველად, ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა
ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა, მზარდი ინფლაციისა და ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 5.5%-მდე გაზარდა.
არსებული ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება ექვსწევრიანმა მონეტარულმა კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა. ამ ნაბიჯით ქვეყნის მარეგულირებელმა პოლიტიკის კურსი "ნეიტრალურიდან" "ეტაპობრივ გამკაცრებამდე" შეცვალა და დააანონსა, რომ მონეტარული პოლიტიკა შემდგომ თვეებში კიდევ უფრო გამკაცრდება.
ინფორმაციისთვის, აზიის მესამე უმსხვილეს ეკონომიკაში ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებამ და "ელ-ნინიოს" კატაკლიზმით განპირობებულმა მწირმა მუსონურმა წვიმებმა დააჩქარა.
შექმნილი ვითარების საპასუხოდ, RBI-მ მიმდინარე ფისკალური წლის ინფლაციის პროგნოზი 5%-დან 5.2%-მდე გაზარდა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი კი 6.7%-დან 7.1%-მდე განსაზღვრა.
ინდოეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა, სანჯაი მალჰოტრამ მონეტარული განაკვეთის გადახედვა შექმნილ ვითარებაში გარდაუვალ ნაბიჯად შეაფასა. მისი განცხადებით, "ეტაპობრივი გამკაცრება" მონეტარული პოლიტიკის შედარებით რბილ მიდგომას ითვალისწინებს და წინასწარ დადგენილი გეგმის ნაცვლად მთლიანად ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაეყრდნობა.
HDFC Bank-ის ეკონომისტის, საკში გუფტას პროგნოზით, მომდევნო თვეებში მარეგულირებელი განაკვეთს კიდევ 50-75 საბაზისო პუნქტით გაზრდის. ანალიტიკოსის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში ნავთობის მაღალი ფასი ინფლაციურ რისკებს კიდევ უფრო გაზრდის და ბანკს აგრესიული გამკაცრებისკენ უბიძგებს.
ცნობისთვის, ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ბოლო თითქმის ოთხი წლის განმავლობაში პირველად გაზარდა. მარეგულირებელი ამ გადაწყვეტილებით მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მონეტარული გამკაცრების გლობალურ ტალღას შეუერთდა.
BM.GE
წყარო: bm.ge