
ბოლო 5 წელიწადში კლინიკების მომსახურება 37%-ით გაძვირდა - რა იწვევს ჯანდაცვის ინფლაციას?
საქართველოში ჯანდაცვის სერვისები ძვირდება. საქსტატის ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება, რომ გაძვირებულია, როგორც ექიმთან კონსულტაცია, ისე ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები. საქსტატის თანახმად, 2021-2026 წლის აპრილის მდგომარეობით, საავადმყოფოების მომსახურება 37%-მდე გაძვირდა. აღნიშნულ პერიოდში, თერაპევტის მომსახურების ღირებულება 50%-ზე მეტად გაიზარდა, სტომატოლოგის სერვისი კი 60%-ზე მეტად გაძვირდა.
ჯანდაცვის სექტორი ამას სამედიცინო სერვისების ფასზე მოქმედ კომპონენტებზე დანახარჯების ზრდით ხსნის. ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, გაძვირებულია როგორც მედიკამენტები, ისე სახარჯი მასალა, გაზრდილია პერსონალის ხელფასები და ე.წ არაპირდაპირი ხარჯები.
“სამედიცინო სერვისები შედგება კონკრეტული მდგენელებისგან. ეს არის, პირველ რიგში მედიკამენტები და სახარჯი მასალა. შემდეგ ეს არის უკვე ხელფასები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც რეალურად არის კომუნალური გადასახადები.
თუ შევხედავთ ხუთი წლის ჭრილში ტენდენციებს, სახარჯ მასალაზე და მედიკამენტზე ფასი მზარდია. ხელფასების ნაწილში, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ამასთანავე, ამ ხუთი წლის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ორჯერ გაძვირდა.
რა თქმა უნდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფასების ზრდა შეუძლებელია, რადგან DRG-ით დაფინანსების სისტემა ფიქსირებულ ტარიფზეა დაფუძნებული, მაგრამ არსებობს სერვისები, რომლებიც არ მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. იქ მეტი თავისუფლება აქვთ კლინიკებს, სადაც კატასტროფული ზრდა არ არის, მაგრამ ფასების ზრდის ტენდენცია იქნება.
სხვადასხვა ექიმთან კონსულტაციის ღირებულება განსხვავებულია. რამდენად უფრო დეფიციტურია სპეციალობა, მით უფრო მაღალია ხოლმე კონსულტაციის ფასი და პირობითად თუ ვარირებდა 50 ლარიდან 80 ლარის ფარგლებში, ახლა საშუალოდ 70-100 ლარია, იქნება გამონაკლისებიც უფრო მაღალი და უფრო დაბალი ფასებით”,-აცხადებს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი.
სამედიცინო სერვისებზე ფასის ზრდა ბუნებრივია აისახება ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისების ტარიფებზეც. საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში ჯანმრთელობის დაზღვევა 8,53%-ით გაძვირდა. ბოლო 5 წელიწადში კი ზრდა 31,28%-ია. სადაზღვევო სექტორი აღნიშნავს, რომ ინფლაციური პროცესები კოვიდის შემდგომ პერიოდში დაჩქარდა, დაზღვევის შემადგენელი კომპონენტების ცვლილება კი ბუნებრივია ჯანმრთელობის დაზღვევაზე ფასების კორექციას იწვევს.
BM.GE
წყარო: bm.ge