
ბოლო ოთხ წელში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა - ჭოუ ციენი საქმიანობას აჯამებს
საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა, რომლის დიპლომატიური მისია საქართველოში დასასრულს უახლოვდება, განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა და ორჯერ გადავიდა უფრო მაღალ საფეხურზე.
ელჩმა აღნიშნული განცხადება მისი დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, 2023 წელს საქართველო სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, ხოლო გასულ თვეში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა გამოაცხადეს.
„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, – განაცხადა ელჩმა.
ჭოუ ციენის განცხადებით, 2024 წელს ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, რამაც ორ ქვეყანას შორის მგზავრთა ნაკადის ზრდას შეუწყო ხელი.
მისი ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსული ჩინელი ტურისტების რაოდენობამ გასულ წელს თითქმის 130 ათასი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში კიდევ 16.7%-ით გაიზარდა. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ 15 ივლისს შანხაისა და თბილისს შორის პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.
ელჩის შეფასებით, აღნიშნული შედეგები ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების შედეგია.
სიტყვით გამოსვლისას ჭოუ ციენმა საქართველოს ხელისუფლებასა და სახელმწიფო უწყებებს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში. განსაკუთრებულად შევიგრძენი საქართველოს უნიკალური ხიბლი – მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა, ხალხის სტუმართმოყვარეობა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე. ამიტომ მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას. ყოველთვის დავრჩები საქართველოს მეგობრად და კვლავაც გავაგრძელებ ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
BM.GE
წყარო: bm.ge