
„ბორჯომი“ აშშ-ს ბაზარზე ახალი მასშტაბითა და დიდი გეგმებით შედის
პირველი ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბაზარზე მასშტაბური გეგმით შედის. ამიერიდან ბრენდი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პრემიალურ ქსელურ მარკეტებში და მთელი ამერიკის მასშტაბით, Amazon-ზე იქნება წარმოდგენილი.
აშშ-ის ბაზარზე „ბორჯომის“ პორტფელის შემადგენლობაში, 135-წლიანი ისტორიის მქონე პირველ ქართულ მინერალურ წყალ - „ბორჯომთან“ ერთად, წარმოდგენილია ნატურალური ხილის არომატებით გამდიდრებული გაზიანი მინერალური წყალი - „ბორჯომი არომატი“ და 100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი - „ლიმონათი ბორჯომისგან“.
ამერიკაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, სწორედ ამიტომ, „ბორჯომი“ ამ ტერიტორიაზე საქართველოსგან განსხვავებული სტრატეგიით შედის. ბრენდის ახალი პლატფორმა — For People With Guts აძლიერებს „ბორჯომის“ პოზიციონირებას ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით. ამ მიდგომით, ბრენდი ბუნებრივად უკავშირებს საკუთარ უნიკალურ თვისებებს ყოველდღიურ ცხოვრებას, თანამედროვე კულტურასა და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებას. „ბორჯომი“ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ბაზარზე, კამპანიაში იყენებს ჰიპ-ჰოპისა და ცეკვის კულტურას, რითაც ფუნქციური მინერალური წყლის სარგებელს თანამედროვე, ენერგიულ და ყოველდღიურ გამოცდილებად აქცევს.
ივანე მაჭავარიანი, IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი:
„ამერიკის შეერთებული შტატები „ბორჯომისთვის“ სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. ეს სივრცე ღიაა ინოვაციების მიმართ, აქ იქმნება მომხმარებლის ტენდენციები და შემდეგ გლობალურად ვრცელდება. კომპანიის მიზანი მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე ზრდა არ არის, ჩვენ ვქმნით ძლიერ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც „ბორჯომის“ გლობალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ბაზარს „ბორჯომთან“ ერთად საქართველოც გავაცნოთ - ქვეყანა თავისი უნიკალური კულტურით, ისტორიითა და მრავალწლიანი ტრადიციებით. გვინდა, რომ „ბორჯომი“ საერთაშორისო აუდიტორიისთვის არა მხოლოდ პრემიუმ მინერალური წყალი, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლო იყოს. უნიკალური ბუნებრივი მინერალური შემადგენლობისა და ძლიერი მემკვიდრეობის საფუძველზე კი გვჯერა, რომ „ბორჯომი“ ფუნქციური სასმელების მზარდ კატეგორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.“
