
"ბოთლზე როცა მიწესებ გადასახადს, ეს აქციზია. ღვინოზე აქციზი მხოლოდ რუსეთშია" - შალვა ქურდაძე
მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი შალვა ქურდაძე სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდებას, რომელიც ფასიანი იქნება და სავარაუდოდ, ბოთლზე 10 თეთრი ეღირება, აქციზის გადასახადის შემოღებასთან აიგივებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც საუბრის თემა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი არაერთი ცვლილება იყო.
ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე ან ჭურჭელზე ან შეფუთვაზე სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის (QR კოდი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სერტიფიცირებისა და ალკოჰოლიანი სასმლის შესახებ) დატანა - ასეა განმარტებული კანონპროექტში "ნიშანდება".
"ამას ცივილიზებულ ენაზე ჰქვია აქციზი. დიახ, როცა ბოთლზე მიწესებ გადასახადს, ეს აქციზია. QR კოდს ევროკავშირიც ითხოვს, მაგრამ იქ ამაში ფულს არავინ გვართმევს. ღვინოზე აქციზი მხოლოდ რუსეთშია, სხვაგან - არსად. საფრანგეთში ეს რომ შემოეღოთ, ფრანგები გაგიჟდებოდნენ. ჩვენი მეღვინეები კი ჩუმად არიან“, - ამბობს შალვა ქურდაძე, რომელიც ღვინის ექსპორტს 25 ქვეყანაში ახორციელებს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, რომელიც „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონპროექტს ერთვის, წერია, რომ ნიშანდებას განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
"მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა, საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმლის, ასევე ყველა კატეგორიის საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმლის და სპირტის სერტიფიცირება. სერტიფიცირების პროცედურა გულისხმობს იდენტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლისათვის მისაწოდებლად და პროდუქტის ხარისხისადმი მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროდუქტის ნიშანდება", - აცხადებს კანონპროექტის ავტორი სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
დავით სონღულაშვილის უწყების კალკულაციით, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება [სავარაუდო ღირებულება იქნება 0.10 ლარი ერთ ბოთლზე ] ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალს 14-15 მილიონი ლარის გაზრდის.
"ეს თანხა „ღვინის პოპულარიზაციაზე“ დაიხარჯება" - ლევან მეხუზლა ღვინის სავალდებულო მარკირების გადასახადზე
ნიშანდების მომსახურებას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო უნდა შეისყიდოს ტენდერის საშუალებით შეისყიდის.
სავალდებულო ნიშანდების რეგულაციის ამოქმედება 2027 წლის პირველი თებერვლიდან იგეგმება.
BM.GE
წყარო: bm.ge