![ჩაბრძანდით რეგიონებში და ნახავთ, თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვინც ამ [განათლების] რეფორმას ეწინააღმდეგება - გივი მიქანაძე](https://bm.ge/uploads/files/2026/05/28/313898/givi-miqanadze_w_h.jpeg)
ჩაბრძანდით რეგიონებში და ნახავთ, თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვინც ამ [განათლების] რეფორმას ეწინააღმდეგება - გივი მიქანაძე
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ რეგიონებში მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებს, ოპოზიციის მიზანი კი ამ პროცესით მანიპულირებაა. მინისტრის თქმით, კვირა არ გადის ისე, რომ რეგიონებს არ ეწვიოს და ასეულობით მშობელს არ შეხვდეს, საზოგადოება კი იმ საკითხების რეალიზებას ელოდება, რაც რეფორმის ფარგლებშია გაჟღერებული.
მიქანაძემ მკაცრად გააკრიტიკა ფრაქცია „საქართველოს“ მიერ მომზადებული 44 შეკითხვა და აღნიშნა, რომ მათი 20% საერთოდ სცდება უწყების კომპეტენციას, რაც ოპოზიციის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს.
„დასმული იქნა ფრაქცია საქართველოს მიერ 44 შეკითხვა ინტერპელაციის ფორმატში. ალბათ არავის არ ახსოვს ასეთი რაოდენობის კითხვები და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ როგორ კომპეტენციისგან დაცლილი არიან ეს ადამიანები. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ აქ ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ. 44 კითხვიდან ცხრა კითხვა შემიძლია კონკრეტულადაც დავასახელო, აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ემსახურება. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ 20% კითხვების, ყოველი მეხუთე კითხვა, კითხვის ავტორებმა არც კი იცოდნენ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კომპეტენციას არ ეკუთვნოდა. ეს არის ის რეალობა, რაზეც ვსაუბრობთ და კიდევ ერთი. საერთოდ არც ერთი კითხვა არ არის დასმული პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება.
ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანების მიზანი არის, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე რაღაც მანიპულაციური და სპეკულაციური ხასიათით შემოიფარგლონ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ამ ადამიანების ინტერესი დღეს რეალურად ეს რეფორმა არ არის, იმიტომ რომ ამ რეფორმის არსი არც იციან, არც გაეგებათ და თვითონ ის შეკითხვები რაც არის წარმოდგენილი, ეს ხომ საჯაროა, საზოგადოებას შეუძლია თავისუფლად გაეცნოს. ეს ყველაფერი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ უმეტესობა ეს შეკითხვები არის აბსოლუტურად კომპეტენციის მიღმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან მოხარული ვართ იმით, რომ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოვუყვეთ კიდევ ერთხელ ამ რეფორმების შესახებ და სანამ ამაზე ვიტყვი, კიდევ ერთსაც ვიტყვი, რომ კვირა არ გავა, რომ მე პირადად რომელიმე რეგიონს არ ვესტუმრო და 300-დან 400 მშობელს არ შევხვდე თითოეულ შეხვედრაზე, სადაც გვაქვს საუბარი ამ რეფორმებზე, ჩაბრძანდით ერთი რეგიონებში, მოიკითხეთ ხალხთან და ნახავთ ერთ ადამიანს თუ ნახავთ, რომელიც ეწინააღმდეგება ამ რეფორმას. ხალხი არის მოწყურებული იმ საკითხებს, რომელიც ამ რეფორმების ფარგლებში არის გაჟღერებული, მაგრამ თქვენი ინტერესი ეს არ არის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
BM.GE
წყარო: bm.ge