
ჭადრაკი, როგორც ფოთის ინტელექტუალური კულტურა - რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის და ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორობა
ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერი გახდა - სივრცის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულების ქართული ჭადრაკის განვითარებაში.
ფოთის საჭადრაკო კლუბი დღეს არის საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები სწავლობენ როგორც ჭადრაკის თეორიას, ასევე პრაქტიკულ თამაშს.
საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის თანამშრომლობის, დაგეგმილი ღონისძიებების და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალურად ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორი, დავით კოდუა გვესაუბრება.
ფოთის საჭადრაკო კლუბის ისტორია და მისი მნიშვნელობა:
“ფოთში ჭადრაკის თამაშს ძველთაგან სცემდნენ პატივს. გასული საუკუნის 40-იან წლებში კი მას ორგანიზებული სახე მიეცა. 1948 წელს გაიხსნა საჭადრაკო კლუბი. ეს თბილისისა და ქუთაისის შემდეგ მესამე ქალაქი იყო, სადაც მოზარდ თაობას საშუალება ჰქონდა, სრულად დაუფლებოდნენ ამ ბრძნულ თამაშს. ამის შემდეგ კლუბმა ორჯერ იცვალა ბინა, უმჯობესდებოდა პირობები და მოგვიანებით (1987 წელს) მას გამოჩენილი მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას სახელი ეწოდა. ამ დღის უკვდავ საყოფად კლუბის შენობასთან სამი კიპარისი დარგეს ნონა გაფრინდაშვილმა, ნანა ალექსანდრიამ და თამრიკო ხმიადაშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერე ფოთი მეორე იყო, რომელმაც ნონა გაფრინდაშვილს მსოფლიო ჩემპიონის რანგში უმასპინძლა. ასევე ღირსეულად შევხვდით ჭადრაკის საბჭოთა კავშირის პირველ ჩემპიონს საქართველოდან ჩვენს თანაქალაქელს ნანა .
ფოთის საჭადრაკო კლუბი, როგორც საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი:
“ფოთის საჭადრაკო კლუბს ადგილობრივ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს - ჭადრაკის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია და ყოველდღიურად გვყავს ახალი მსურველები, რომლებიც ერთვებიან სასწავლო პროცესში. ეს აჩვენებს, რომ ჭადრაკი ფოთში პოპულარული და აქტიურად განვითარებადი მიმართულებაა. კლუბი ასევე ქმნის სივრცეს, სადაც ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ იძენენ დისციპლინას, კონცენტრაციის უნარს, ჯანსაღ კონკურენციას, და სხვა უამრავ დადებით თვისებებს, რაც მათ პიროვნულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. შედეგად, ფოთის საჭადრაკო კლუბი ადგილობრივ საზოგადოებაში წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სპორტულ ცენტრს.