
„ჩარჩო ხელშეკრულება“ მხოლოდ გადახდის ვადების დადგენით არ უნდა შემოიფარგლოს - ლაშა რიჟამაძე
„დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ იმ „ჩარჩო ხელშეკრულების“ დოკუმენტის მოლოდინშია, რომელმაც სადისტრიბუციო სექტორსა და საცალო ვაჭრობის ქსელებს შორის ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ BMG-სთან განაცხადა, ბიზნესისთვის დოკუმენტის შინაარსი ჯერ უცნობია, თუმცა, ასოციაცია იმედოვნებს, რომ მასში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული.
„ჩვენ ინფორმირებული ვართ, რომ აქტიურად მიმდინარეობს დოკუმენტის მომზადება. ამ ეტაპზე, კომპანიები არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა ტიპის რეგულირებაზე არის საუბარი და რა ტიპის დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას და საუკეთესო მაგალითებს გადმოიტანენ, რაც იმ პრობლემებს გადაჭრის, რაზეც მიუთითებდა სადისტრიბუციო სექტორი, ადგილობრივი მწარმოებლები. იმედია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ გადახდის ვადის დადგენა, ან მხოლოდ თაროებზე წვდომა და იქნება მთელი რიგი სხვა ფაქტორები, რომლებიც თავის მხრივ, გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ ფასზე“ - აცხადებს ლაშა რიჟამაძე BMG-სთან.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ სურსათის ფასზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ სავაჭრო ქსელების პოლიტიკა, არამედ გაზრდილი ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯებიც. მათ შორისაა ელექტროენერგიის ტარიფი და სატრანსპორტო ჯარიმები - დედაქალაქში გაბარიტული ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და პარკირების ჯარიმები ბიზნესს მილიონობით ლარი უჯდება.
ლაშა რიჟამაძის თქმით, სურსათის მიმწოდებლებისთვის, ბეტონმზიდი და საწვავის მანქანების მსგავსად, საგამონაკლისო წესები დაწესდეს.
„ეკონომიკის სამინისტროს მივაწოდეთ ინფორმაცია გაბარიტულ მანქანებთან დაკავშირებით, თუ რა ციფრებზე იყო საუბარი იმისთვის, რომ კომპანიას თავი აერიდებინა ჯარიმისთვის. ამასთან, არ უნდა დავთვალოთ მხოლოდ გამოწერილი ჯარიმა, არამედ, ის ინვესტირება და ხარჯები, რისი გაწევაც უწევს კომპანიას იმისთვის, რომ არ დაჯარიმდეს. თუ ერთი კომპანია 4,5 მლნ-ს იხდის იმაში, რომ უბრალოდ, მომარაგება შეძლოს სრულყოფილად და არ დაჯარიმდეს - აქ ათეულობით სხვა კომპანიაც უნდა ვიგულისხმოთ. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი პროდუქტის ღირებულებაში გადადის“ - განმარტავს ლაშა რიჟამაძე.
პარლამენტის დროებითმა ფასების კომისიამ სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის ჯაჭვი შეისწავლა. დასკვნის მიხედვით, პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებსა და გაუმჭვირვალე კომერციულ მარკეტინგულ გადასახადებშია. კომისიის მიერ გამოვლენილი მიგნებები და მიმდინარე საკანონმდებლო რეკომენდაციები მოიცავს შემდეგს: ფასწარმოქმნის ჯაჭვი - ფასის ზრდას იწვევს შუამავლებსა და საცალო ქსელებს შორის არსებული არაეფექტური პროცესები და დამატებითი ხარჯები; ჩარჩო ხელშეკრულებების საჭიროება - მომწოდებლებსა და ქსელებს შორის ურთიერთობების გამჭვირვალობისა და სამართლიანი სავაჭრო პირობების შესაქმნელად, რეკომენდებულია ერთიანი სტანდარტების (მათ შორის ჩარჩო ხელშეკრულებების ფორმების) შემუშავება. დოკუმენტზე ამჟამად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.
BM.GE
წყარო: bm.ge