
"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“
რაჭაში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროს "ხათოსი" დამფუძნებლის, ბესო ხიდეშელის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში წინასწარი ჯავშნების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.
როგორც ის BM.GE-სთან ამბობს, მიუხედავად შემცირებული ჯავშნებისა, არსებული დატვირთულობა დაახლოებით გასული წლის ანალოგიურ დონეზეა.
"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს. შარშანდელთან შედარებით ნაკლები ჯავშნები გვაქვს, თუმცა დატვირთულობა ჯერჯერობით დაახლოებით იგივეა, რაც შარშან იყო", - აცხადებს ბესო ხიდეშელი.
მისივე თქმით, სასტუმრო სეზონურ რეჟიმში მუშაობს და ძირითადი დატვირთვა ზაფხულის თვეებზე მოდის : "ჩვენ ძალიან სეზონურად ვმუშაობთ. წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 20–30%-იანი დატვირთვა გვაქვს, რადგან ძირითადი სეზონი ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება", - აღნიშნავს ის.
ხიდეშელის თქმით, სტუმრების სტრუქტურა თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული ქართველ და უცხოელ ტურისტებს შორის.
„ქართველები და უცხოელები დაახლოებით 50/50-ზე არიან. გვყავს სტუმრები რუსეთიდან, უკრაინიდან, არაბული ქვეყნებიდან, ევროპიდან და ისრაელიდან. ბოლო პერიოდში კი რუსეთიდან შემომსვლელების წილი მცირედით გაზრდილია“, - ამბობს ის.
სასტუმროს დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონზე ფასები დაახლოებით 10–15%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, მიმდინარე წელს „ხათოსი“ გაფართოებას გეგმავს - არსებული ობიექტის გვერდით დამატებით ორი ნომრის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც დაახლოებით 25 000 დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
„გვაქვს უკვე არსებული ორი სახლი, რომელსაც მთლიანად ვაქირავებთ. გაფართოების შემდეგ ჯამში დაახლოებით 17 სტუმრის მიღებას შევძლებთ - ერთ სახლში 12 ადამიანს, მეორეში 5-ს“, - აცხადებს ხიდეშელი.
რაც შეეხება გამოწვევებს, მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა რეგიონში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, მათ შორის გაზის არარსებობა და ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები.
„ჩვენთან სოფელში გაზი საერთოდ არ არის, რაც ზამთარში გათბობისთვის დიდი პრობლემაა. ხშირად ითიშება დენი, განსაკუთრებით თოვლიან პერიოდში. თუ რეგიონი ზამთრის კურორტი გახდება, ალბათ ინფრასტრუქტურაც უფრო განვითარდება“, - აღნიშნავს ის.
ინფორმაციისთვის, რაჭაში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო „ხათოსის“, რომელიც ონის რაიონში, სოფელ კომანდელში მდებარეობს, ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს.
BM.GE
წყარო: bm.ge