
"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე
თუშეთში მდებარე კაფის „ღრუბლებს ზემოთ“ დამფუძნებლის დაჯი ოშორიძის განცხადებით, რეგიონში ტურისტული სეზონი ამ დრომდე ვერ გაიხსნა, რაც ძირითადად რთულ ამინდის პირობებსა და გზის პრობლემას უკავშირდება.
როგორც ის BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, წელს უხვი თოვლის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები შეფერხებულია და ტურისტული სეზონის დაწყება დროში გადაიწია.
"სამწუხაროდ, სეზონი ჯერ არ დაწყებულა, იმიტომ რომ ძალიან დიდი თოვლი იყო. სტიქიის გამო ყველანაირად ცდილობენ გზის გაწმენდას, მაგრამ ამინდებზე ვართ დამოკიდებული. ეს მთაა, მკაცრი ბუნებაა და სხვანაირად უბრალოდ ვერ ხერხდება. სწორედ ესაა პირველ რიგში პრობლემა. როცა გზა გვიან იხსნება, სეზონიც მოკლეა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ როგორც კი გაიხსნება, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ტურისტული პერიოდი", - აღნიშნავს ის.
ოშორიძის თქმით, რეგიონში ასევე გამოწვევად რჩება ელექტროენერგიის საკითხი, რადგან ობიექტების უმეტესობა მზის პანელებზეა დამოკიდებული. "ყველას მზის პანელები გვაქვს, სხვა ელექტროენერგია იქ უბრალოდ არ არის. ესეც ერთ-ერთი სირთულეა, თუმცა მთავარი მაინც გზა რჩება", - ამბობს ის.
კაფის „ღრუბლებს ზემოთ“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სეზონისთვის მზადება დასრულებულია, თუმცა ადგილზე ასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"ყველაფერი მზად მაქვს, უბრალოდ ველოდები, რომ გზა გაიხსნას და ავიდე. ძალიან დიდი თოვლია, რამდენიმე დღის წინ კი გზა ნაწილობრივ გაწმინდეს - ამისთვის მადლობა ყველას, ვინც მუშაობს", - აცხადებს ოშორიძე.
მისივე თქმით, წინა წელს კაფეს ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ გაფართოვდა და წელსაც მცირე გაუმჯობესებები იგეგმება, თუმცა სეზონის დაგვიანების გამო მასშტაბური ცვლილებები არ არის დაგეგმილი.
"ნელ-ნელა ვზრდით ყველაფერს - სამზარეულოც გავაფართოვეთ. წელსაც მცირე დამატებები გვექნება მომსახურების კუთხით და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიმართულებით", - ამბობს ის.
ოშორიძის შეფასებით, თუშეთში სეზონის გახსნა არა მხოლოდ ტურიზმისთვის, არამედ ადგილობრივი მეურნეობისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობა ზაფხულის პერიოდში გადაადგილებასა და საქმიანობას სწორედ ამ გზით ახორციელებს.
ინფორმაციისთვის, თუშეთის მაღალ მთებში, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, მდებარეობს მყუდრო კაფე, იგივე დაჯის კაფე მომხმარებლებს წლებია ყავით, ადგილობრივი ნუგბარითა თუ ტრადიციული საჭმელებით უმასპინძლდება.
BM.GE
წყარო: bm.ge