
ჩინეთი ყოველწლიურად $17 მილიარდის ამერიკულ აგრიკულტურულ პროდუქციას შეიძენს
ჩინეთი დათანხმდა, რომ 2028 წლამდე აშშ-ისგან ყოველწლიურად, სულ მცირე, $17 მილიარდის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეიძინოს. თეთრმა სახლმა შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთში გამართული ორდღიანი სამიტის შედეგების ამსახველ ოფიციალურ დოკუმენტში გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, ერთი დღით ადრე ჩინეთის კომერციის სამინისტრომ შეხვედრის საკუთარი ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, აშშ და ჩინეთი გარკვეულ პროდუქტებზე ტარიფების ორმხრივ შემცირებას გეგმავენ. პეკინს კონკრეტული დეტალები არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ორმხრივი სამუშაო ჯგუფები მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებენ, ხოლო თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტარიფების საკითხზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ორდღიანი ვიზიტი პეკინში ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური სტუმრობაა ჩინეთში, რის ფონზეც ორივე ქვეყნის ლიდერმა ორმხრივ ურთიერთობებზე პოზიტიური განცხადებები გააკეთა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თეთრი სახლის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ლიდერები ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის დაშვების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამასთან, მხარეებმა ჰორმუზის სრუტის გახსნის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ არცერთ ქვეყანასა თუ ორგანიზაციას არ უნდა მიეცეს აღნიშნული მარშრუტით სარგებლობისთვის გადასახადების დაწესების უფლება.