
"ჩინეთის წილი 1%-ზე ნაკლებია" - რა აჩვენა PMCG-ის საქართველოს სატრანზიტო ნაკადების კვლევამ
შუა დერეფანში ჩინური ტვირთების წილი 1%-ზე ნაკლებია, ხოლო მთავარ კონტრიბუტორს ცენტრალური აზია წარმოადგენს - ასეთია PMCG-ის ახალი კვლევის მთავარი მიგნება. ორგანიზაციამ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების ოფიციალური სტატისტიკა (2018–2025 წწ.) პირველად გააანალიზა, რასაც, როგორც აღმოჩნდა, მონაცემების მოპოვების მხრივ არსებული სერიოზული ბარიერები ახლდა.
კერძოდ, როგორც PMCG-ის კონსულტანტმა, გრიგოლ ფანცულაიამ გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, კვლევის მომზადებისას ერთ-ერთი მთავარი ბარიერი მონაცემების სიმწირე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სირთულე იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია და ვპოზიციონირებთ როგორც ტრანზიტული ჰაბი, ძალიან ცოტაა ისეთი კვლევა, რომელიც რეალურად არსებულ სურათს რეალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით ასახავს და არა მხოლოდ პოტენციალს.
ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რასაც წავაწყდით, სწორედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი იყო - გამართული მონაცემების მიღება საკმაოდ პრობლემატიკური აღმოჩნდა. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ღია ქვეყანაა ამ მხრივ, სტატისტიკაც შედარებით კარგად არის დამუშავებული, თუმცა ტრანზიტის კუთხით მონაცემების შეგროვებაში გარკვეულ პრობლემებს აქაც წავაწყდით. წარმოიდგინეთ, რამხელა ბარიერებია სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით შუა აზიაში, რომ რეალური სურათი დავინახოთ", - აღნიშნა გრიგოლ ფანცულაიამ.
კვლევის ყველაზე მოულოდნელი შედეგი "შუა დერეფანში" ჩართული ქვეყნების რეალური წილი აღმოჩნდა. დამკვიდრებული მოლოდინის საპირისპიროდ, დერეფნის მთავარი მამოძრავებელი ძალა არა ჩინეთი, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნები და აზერბაიჯანია.
გრიგოლ ფანცულაიას განმარტებით, დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტვირთების 40%-ზე მეტი ცენტრალურ აზიაზე მოდის, მაშინ როცა ჩინეთის წილი 1%-ზე ნაკლებია.
"ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა მოლოდინი, რომ ძირითადი მომხმარებელი შუა აზია იქნებოდა და ასეთი დაბალი - მაგალითად, 1%-ზე ნაკლები - იქნებოდა ჩინეთის წილი აქ გადაადგილებულ ტვირთებში. იყო მოლოდინი, რომ ჩინეთი რაღაც ფორმით უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა, თუმცა ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზეც კი, ჩინური ტვირთები ამ მარშრუტზე არსებითად არ გადმორთულა.აქედან ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ: ეს უფრო მეტად რეგიონალური დერეფანია, რომელიც შუა აზიის ქვეყნებს ევროპასა და თურქეთთან აკავშირებს, ვიდრე ჩინეთის დამაკავშირებელი გზა ევროპასთან", - განაცხადა PMCG-ის კონსულტანტმა.
ცნობისთვის, 2018-2025 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა. PMCG-ის კვლევის მიხედვით, საქართველომ პიკური რაოდენობის ტვირთი 2024 წელს გაატარა. 2025 წელს 9.5%-იანი შემცირება იყო. რიცხვებში სურათი ასე გამოიყურება. 2024 წელს 15 მილიონ 100 ათასი ტონა ტვირთი 2025 წელს 13 მილიონ 700 ათას ტონამდე შემცირდა.
PMCG-ში აცხადებენ, რომ სატრანზიტო ნაკადების მონიტორინგს პერიოდულ ხასიათს მისცემენ და მომდევნო ეტაპზე უშუალოდ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საექსპორტო პოტენციალს შეაფასებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge