
საავიაციო საწვავის ფასის ზრდამ თითო ავიაბილეთი დაახლოებით, $70-ით გააძვირა - "ავიაქსელი"
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე საავიაციო საწვავზე ფასების მატება ავიაბილეთების ღირებულებაზე პირდაპირ აისახება. როგორც საავიაციო სერვისების მიმწოდებელი კომპანია „ავიაქსელის“ დირექტორი ამირან აბესაძე BMG-სთან აცხადებს, საავიაციო გადაზიდვებში საწვავი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და ტარიფების ფორმირება ძირითადად, სწორედ მის ღირებულებაზეა დამოკიდებული.
მისივე განმარტებით, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებამდე, თებერვლის შუა რიცხვებში, საქართველოში ავიასაწვავის ფასი ტონაზე 987 დოლარს შეადგენდა, მარტის შუა რიცხვებისთვის კი მან 1 609 დოლარს მიაღწია, ხოლო აპრილის დასაწყისში რეკორდულ 1 860 დოლარამდე გაიზარდა.
„ამის შემდეგ გარკვეული კლება დაფიქსირდა და ფასმა 1 450 დოლარამდე დაიწია, თუმცა ახლა კვლავ ზრდის დინამიკა გვაქვს. ამ თვის დასაწყისიდან თბილისის აეროპორტში საწვავის ფასი 1 550 დოლარის ფარგლებშია. სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში ისევ დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რაც გაზაფხულზე იყო - 1 860 დოლარს ერთ ტონაზე“, - ამბობს აბესაძე BMG-სთან.
„ავიაქსელის“ დირექტორის თქმით, საწვავის გაძვირება ავიაბილეთების ფასზე უკვე აისახა. მაგალითად, ჩარტერულ მიმართულებებზე, სადაც ბილეთის ღირებულება პირდაპირ არის მიბმული საწვავის ფასზე, 1 000-დოლარიანი საბაზისო ტარიფის პირობებში, საწვავის 1 600 დოლარამდე გაძვირებამ თითო ავიაბილეთზე დაახლოებით, 70-დოლარიანი მატება გამოიწვია.
"უფრო მისახვედრი რომ იყოს, ჩვენ გვაქვს ჩარტერული რეისები, მაგალითად, შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით, სადაც ღირებულება მიბმულია საწვავის ფასთან. ანუ, თუ საწვავის ფასი გაძვირდება, გაძვირდება ავიაბილეთი, თუ ფასი დაიკლებს, გაიაფდება ავიაბილეთიც.
საბაზისო ფასი იყო 1000 დოლარი. თუ 1000 დოლარის ფარგლებში ბილეთის ღირებულება იყო გარკვეული თანხა, მას შემდეგ, რაც დაიწყო საწვავმა მატება და 1600 დოლარამდე ავიდა, ერთ ავიაბილეთზე საწვავის ფასის კორექტირებამ შეადგინა 70 დოლარი. ანუ, ერთი ავიაბილეთი, მარტივად რომ ვთქვათ, გაძვირდა 70 დოლარით. ანალოგიური ვითარებაა რეგულარულ რეისებზეც", - განმარტავს „ავიაქსელის“ დირექტორი.
ამირან აბესაძე ვარაუდობს, რომ თუ ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, ოქტომბრიდან ფრენებზე მოთხოვნა შემცირდება. ზაფხულის სეზონზე მაღალი მოთხოვნის გამო გაყიდვების ვარდნა ნაკლებად შეიმჩნეოდა, თუმცა, შემოდგომაზე ავიაკომპანიებს, შესაძლოა, ფრენების სიხშირეების შემცირება მოუწიოთ.
„თუ ავიაკომპანია ასრულებდა ყოველდღიურ რეისს, შესაძლოა, კვირაში ოთხ რეისზე გადავიდეს. დინამიკა გვიჩვენებს, ვინ როგორ გაუძლებს საწვავის ფასის მატებას,“ - აცხადებს ამირან აბესაძე.
საავიაციო საწვავი ძვირდება. გლობალური საავიაციო საწვავის ფასი გასული კვირის განმავლობაში 9%-ით გაიზარდა და ბარელზე 171 დოლარს მიაღწია. გაზაფხულის კრიზისის შემდეგ, ეს ფასის ყველაზე მაღალი ნიშნულია. ავიაციის ექსპერტები ელიან, რომ ფასის მატება გაგრძელდება და საავიაციო საწვავი მარტი-აპრილის ნიშნულამდე - ბარელზე 209 დოლარამდე გაძვირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge