მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთში სავალო კრიზისია – დავალიანება მშპ-ს 300%-ს აღწევს
ჩინეთში სავალო კრიზისია – დავალიანება მშპ-ს 300%-ს აღწევს

ჩინეთში სავალო კრიზისია – დავალიანება მშპ-ს 300%-ს აღწევს

BM.GE13 მაისი, 2026, 00:48|bm.ge

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მოდელი, რომელიც ცენტრალურ მართვაზეა დაფუძნებული, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც სახელმწიფო ვალის მოცულობის მკვეთრი ზრდა მოწმობს.

Capital Economics-ის დათვლებით, ქვეყნის მთლიანი ვალის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ბოლო წლებში გაორმაგდა. არსებული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი უკვე მშპ-ს 300%-ს აჭარბებს, რაც ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად დავალიანებულ სახელმწიფოდ აქცევს. შედარებისთვის, აშშ-ში საჯარო და კერძო სექტორის ჯამური ვალი მშპ-ს 265%-ს შეადგენს და ის გაცილებით უფრო გამჭვირვალედაა წარმოდგენილი, ვიდრე ჩინეთში.

პოტენციური ფინანსური კრიზისის რისკების ფონზე, ოფიციალური პეკინი ადგილობრივი თვითმმართველობების ვალების რესტრუქტურიზაციის პროგრამას იწყებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს, ხელი შეუწყოს მსესხებლებს გადახდების გრაფიკის დაცვაში და აღკვეთოს ახალი, ფარული დავალიანებების წარმოქმნა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ორგანოები ხშირად იყენებდნენ დაბალპროცენტიან სესხებს ხელოვნური ინტელექტის, ელექტრომობილებისა და რობოტექნიკის სექტორების სუბსიდირებისთვის. მიუხედავად ჭარბვალიანობის შემცირების მცდელობებისა, ჩინური კომპანიების ვალის მოცულობა 2019 წლის შემდეგ მაინც გაორმაგდა, მაშინ როცა მათი შემოსავლები მხოლოდ 30%-ით გაიზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, კონსერვატიული ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად ჩინურ კომპანიებს რეკორდული მოცულობის ვალის აღება უწევთ, რაც ამ პროცესის მდგრადობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

ეკონომიკური სირთულეების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეკონომისტები წარმოების ჭარბ სიმძლავრეებსა და დეფლაციას ასახელებენ. მათი თქმით, ჩინური ბანკები აგრძელებენ სესხების გაცემას წაგებიანი საწარმოების გადასარჩენად, რაც ხელს უშლის კაპიტალის ჯანსაღი ბიზნესებისკენ მიმართვას. ამასთან, ჩინეთში ფასების საყოველთაო ინდექსი ზედიზედ სამი წელია მცირდება, რაც 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ყველაზე ხანგრძლივი დეფლაციური პერიოდია. თავად დეფლაცია იმის მანიშნებელია, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ხელოვნურია და მის მიღმა მთავრობის სუბსიდირების პროგრამა იმალება.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მცდელობამ საბანკო სისტემა არაეფექტური საწარმოების დონორად აქცია, თავად ეს საწარმოები კი ვერც ვალს ისტუმრებენ და ვერც კოტრდებიან, რადგან სისტემა ასეა მოწყობილი.

ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის ფინანსური სისტემა Lehman Brothers-ის ტიპის მყისიერი კოლაფსისგან დაცულია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ქვეყანას დანაზოგების მაღალი დონე და მკაცრი კაპიტალური კონტროლი იცავს, ფინანსურ სექტორს კი სახელმწიფო სრულად აკონტროლებს. შესაბამისად, ერთ დღეში დიდი მოთამაშე ვერ გაკოტრდება და ამის თვალსაჩინო მაგალითი დეველოპერული გიგანტი Evergrande-ია, რომელიც თითქმის 4 წლის განმავლობაში განიცდიდა ნელ კოლაფსს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩინეთის მთლიანი ვალის 40%-ზე მეტი საჯარო სექტორზე მოდის. განვითარებულ ეკონომიკებს შორის ჩინეთზე მაღალი დავალიანება მხოლოდ იაპონიას აქვს, თუმცა ჩინეთის შემთხვევაში შემაშფოთებელი თავად ამ ვალის დაგროვების სისწრაფეა - ბოლო 15 წელიწადში მშპ-სთან მიმართებით მაჩვენებელი 120%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ფედერალურმა ვალმა მშპ-ს 100%-ს გადააჭარბა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ნიშნულია. თუმცა, ჩინეთისგან განსხვავებით, ამერიკაში ვალის სტრუქტურა გამჭვირვალეა და მის გადაუხდელობას კონკრეტული შედეგებიც მოჰყვება. ამ მიმართულებით ჩინეთი რადიკალურად განსხვავებულია, რადგან ქვეყნის მთავრობა არაერთ ორიგინალურ ხერხს მიმართავს ამ 53 ტრილიონი დოლარის ვალის დასამალად და გაკოტრებული კომპანიების უხმაუროდ დასამარხად.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NVIDIA-ს კაპიტალიზაციამ ახალ რეკორდს მიაღწია

NVIDIA-ს კაპიტალიზაციამ ახალ რეკორდს მიაღწია

BM.GE

Bayer-ის კვარტალური მოგება პროგნოზებს მნიშვნელოვნად გასცდა

Bayer-ის კვარტალური მოგება პროგნოზებს მნიშვნელოვნად გასცდა

BM.GE

სერხიო რამოსის კონსორციუმის ჯგუფმა “სევილია” 444 მილიონ ევროდ შეიძინა

სერხიო რამოსის კონსორციუმის ჯგუფმა “სევილია” 444 მილიონ ევროდ შეიძინა

BM.GE

დუა ლიპა Samsung-ს უჩივის - რას ედავება პოპვარსკვლავი ტექ-გიგანტს?

დუა ლიპა Samsung-ს უჩივის - რას ედავება პოპვარსკვლავი ტექ-გიგანტს?

BM.GE