
ჩინეთში წარმოების მოცულობა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
ჩინეთში სამრეწველო აქტივობის ტემპი ივნისში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. როგორც ირკვევა, მაღალტექნოლოგიური წარმოების ზრდა ხელოვნური ინტელექტის გლობალურმა ბუმმა განაპირობა, რამაც უძრავი ქონების სექტორსა და სამომხმარებლო ბაზარზე არსებული წნეხი ნაწილობრივ დააბალანსა.
არსებული ინფორმაციით, ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ოფიციალური შესყიდვების მენეჯერთა ინდექსი (PMI) ივნისში 50.3-მდე გაიზარდა, რაც მაისში 50-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ 50.1-ს აღემატება და ეკონომიკური ზრდის მიმანიშნებელ ზღვარს ზემოთ ფიქსირდება.
პარალელურად, წარმოებისა და ახალი შეკვეთების ქვეინდექსები შესაბამისად 51.4 და 51.2-მდე გაიზარდა, ხოლო ახალი საექსპორტო შეკვეთების მაჩვენებელმა 50.1 შეადგინა. განსაკუთრებით მაღალი აქტივობა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის წარმოებაში დაფიქსირდა, სადაც PMI 53.5-მდე გაიზარდა, რაც სამომხმარებლო საქონლის ინდექსს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამასთან, არასამრეწველო სექტორის PMI მაისის 50.1-დან ივნისში 50.2-მდე გაიზარდა.
Capital Economics-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა საგარეო მოთხოვნა და ტექნოლოგიური სექტორია, უძრავი ქონების სფერო კი კვლავ პრობლემური რჩება.
შეგახსენებთ, რომ მაისში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დასტაბილურდა. ამერიკელმა იმპორტიორებმა ჩინეთიდან ტვირთების გამოგზავნა ივლისში 10%-იანი ტარიფის ამოქმედებამდე დააჩქარეს, რამაც ჩინურ საექსპორტო წარმოებას დამატებითი იმპულსი მისცა.