
ჩინური ბლეფი, ტრამპის დერეფანი და ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება - რა ხდება ანაკლიის ირგვლივ?|ინტერვიუ
ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის აზრით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის რეალური მშენებლობის პოლიტიკური ნება და მენეჯერული უნარები არ გააჩნია, ხოლო ჩინური კონსორციუმის ირგვლივ შექმნილი ნარატივი დასავლეთთან გეოპოლიტიკური ვაჭრობის ვირტუალური ინსტრუმენტი იყო.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების მორიგ მცდელობაზე. კერძოდ: ჩინურ კონსორციუმთან უშედეგო 2-წლიან მოლაპარაკებებზე, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ახალ „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელზე, გეოპოლიტიკურ ფაქტორებსა და პროექტის განხორციელების რეალურ პერსპექტივებზე.
ყველაფერი, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი "ლენდლორდის" მოდელით განხორციელებაზე 6 ივლისს გახდა ცნობილი
“ხუთი წელია, ვარკეთილის მეტროსადგური ვერ გაარემონტეს… არ მჯერა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აქვს უნარი, ანაკლიის პორტის მასშტაბის პროექტი განახორციელოს”, - აცხადებს ეკონომისტი.
გიორგი ხიშტოვანის აზრით, „ქართული ოცნება“ ანაკლიის პორტსა და ჩინურ ვექტორს იყენებდა, როგორც ვირტუალურ სავაჭრო ბერკეტს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადასატვირთავად.
“შესაძლოა, მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მხარემ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მათ ინტერესებში არ შედიოდა სტრატეგიული რესურსების ჩინური კონტროლის ქვეშ მყოფ პორტში გატარება, ხელისუფლება იძულებული გახდა, ჩინელებთან მოლაპარაკებები შეეწყვიტა”, - თქვა მან.
ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ახალ „ლენდლორდის მოდელზე“ გადასვლა არის ხელისუფლების მცდელობა, აშშ-ის ამ მოთხოვნას მოერგოს და პროექტში ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვით ამერიკული ინტერესები დააკმაყოფილოს.
ასევე, გიორგი ხიშტოვანს მიაჩნია, რომ შერყეული ნდობის ფონზე, ე.წ. ლენდლორდის მოდელი, რომელიც ანაკლიის პორტის სრულად სახელმწიფოს მიერ აშენებას და მართვას გულისხმობს, ხელისუფლებისთვის ერთადერთ გამოსავლად იქცა, რადგან პროექტში საკუთარი კაპიტალის რისკის ქვეშ დაყენება სხვა არცერთ სერიოზულ საერთაშორისო ინვესტორს აღარ სურს.
ინტერვიუ გიორგი ხიშტოვანთან
ჩინური კონსორციუმი: რეალური მოლაპარაკება თუ საინფორმაციო ბლეფი?
- პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი შეფასება: რატომ დასრულდა უშედეგოდ ჩინურ კონსორციუმთან ორწლიანი მოლაპარაკება? მხარეები კომერციულ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ თუ გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა ითამაშა როლი - ხშირად გვსმენია, რომ ანაკლია დღეს ხელისუფლებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადასარჩენი მთავარი სავაჭრო ინსტრუმენტია…
- ვიდრე უშუალოდ მიზეზებზე ვისაუბრებთ, ერთი აუცილებელი დათქმა უნდა გავაკეთო: ამ თემაზე მსჯელობისას დიდწილად ვმარჩიელობთ. საზოგადოებამ, რომელმაც საბოლოო ჯამში, თანადაფინანსების გზით ანუ ბიუჯეტიდან მთლიანად უნდა დააფინანსოს ეს პროექტი, პროცესის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი იცის. ინფორმაცია არც ჟურნალისტებს გაქვთ და არც ჩვენ - ეკონომისტებს. სამწუხაროდ, ცივილიზებულ სამყაროში მიღებული ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტსაც კი მოკლებულები ვართ; როდესაც ქვეყანაში წარმომადგენლობითი დემოკრატიის საბაზისო პრინციპები მოშლილია, არ უნდა გვიკვირდეს აბსოლუტურად გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე მას შემოვაბრუნებდი: საიდან ვიცით, რომ ამ ჩინურ ჯგუფთან მოლაპარაკებები საერთოდ მიმდინარეობდა? ჩვენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ცალმხრივი მტკიცებები გვესმოდა - თავიდან ამბობდნენ, რომ კონტრაქტის გაფორმებას დღეები სჭირდებოდა, მერე - კვირები, მერე - თვეები... საბოლოო ჯამში კი, ისე დაიწყო და დამთავრდა ეს ეპოპეა, რომ თავად ამ კონსორციუმისგან არაფერი სმენია საზოგადოებას. ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ირიბად მიანიშნა კიდეც, რომ ეს ჯგუფი საინფორმაციო სივრციდან უბრალოდ გაქრება. ამიტომ, მიჭირს კონკრეტული მიზეზების დასახელება - უფრო ის კითხვა მიჩნდება, საერთოდ დაიწყო თუ არა ეს ურთიერთობა, ვიდრე ის, თუ რატომ დასრულდა…
„მისტიკური ინვესტორის“ მოდელი და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება
- თქვენი აზრით, ანაკლიის პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენება და ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება არის თუ არა კონკრეტული გზავნილი დასავლეთისთვის “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან?
- ჩემი ვარაუდით, ეს ჩინური კონსორციუმი იყო ე.წ. „მისტიკური ინვესტორის“ მოდელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გეოპოლიტიკური ვაჭრობისთვის შექმნა. ამ ნარატივის მთავარი ადრესატი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტად იქნა არჩეული. როგორც კი ამ კარტით თამაში აღარ აღმოჩნდა მომგებიანი ან შესაძლებელი, მყისიერად მიიღეს ეს უცნაური გადაწყვეტილება…
დღეს ეკონომიკის მინისტრს უწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა რეალურად მას პასუხები არ აქვს, რადგან ის უბრალოდ არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ რგოლს. ცოტა ხნის წინ თავად პრემიერ-მინისტრმა ღიად თქვა, რომ ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციით მიიღება და მისი მოსაზრება ყოველთვის საბოლოო და გადამწყვეტია. შესაბამისად, ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა არხით მკაფიოდ გააგებინა „ქართულ ოცნებას“, რომ თუ ეს თემა ვაჭრობის საგანი იყო, “მისტიკურ ინვესტორებზე“ საუბარი უნდა დასრულებულიყო და პირდაპირ საქმეზე გადასულიყვნენ. როგორც ჩანს, გზავნილი მიღებულია, დაიწყო ვაჭრობა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან და ჩინური ფაქტორის საჭიროებაც გაქრა.
საინტერესოა კიდევ ერთი პარადოქსი: სულ რაღაც 10 დღის წინ პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლას აანონსებდა და ჩინურ მოდელს აქებდა, 10 დღეში კი ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მხოლოდ ჩინეთთან ურთიერთობა გეოპოლიტიკურად საიმედო არ არის. წარმოგიდგენიათ, რა აღქმა ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენს სახელმწიფოზე?!
ამერიკული ფსონი ცენტრალურ აზიაზე და „ტრამპის დერეფანი“
- PACE ჯგუფის ფოთის ახალი ნავსადგურის გაფართოება და ამერიკული განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) წარმომადგენლის ვიზიტი, „ქართული ოცნების“ მთავრობის დასწრება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მიღებაზე, აქტიური ვიზიტები ცენტრალურ აზიაში და ახლა უკვე ანაკლიის პროექტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების ანონსი - ეს ყველაფერი ერთი კონტექსტის ნაწილია?
- რა თქმა უნდა. ამერიკა ძალიან დიდ ფსონს დებს ცენტრალურ აზიაზე, როდესაც საუბარია ე.წ. „ტრამპის დერეფანზე“. ჩნდება კითხვა: რატომ დებს ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ დიდ ფსონს ცენტრალურ აზიაზე და რაში დასჭირდა ტრამპის ადმინისტრაციას ეს დერეფანი? მიზანი მარტივია: აშშ-ს სურს, ხელი შეუწყოს ცენტრალური აზიიდან კრიტიკული მინერალებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოტანას, რითაც რეგიონის ქვეყნებიც გამდიდრდებიან და თავად ამერიკაც ისარგებლებს. სწორედ ამიტომ ახორციელებს აშშ ინვესტიციებს ცენტრალურ აზიაში. ცენტრალური აზიის ქვეყნები (მაგალითად, უზბეკეთი, რომლის პრეზიდენტიც გვესტუმრა) ცდილობენ მულტივექტორული პოლიტიკის წარმოებას - ჩინეთის პარალელურად, სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდეთ ამერიკასთანაც.
როგორც ჩანს, ამ პროცესში ამერიკელების მთავარი პირობა [საქართველოს ხელისუფლებასთან] ის იყო, რომ მათ ინტერესებში არ შედის ამ სტრატეგიული ტვირთების ჩინური კონტროლის ქვეშ მყოფ პორტში გატარება. შესაბამისად, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ცენტრალური აზიის ქვეყნების ერთგვარი მოთხოვნაც კი საქართველოს მიმართ, რომ პროცესები ასე ცალმხრივად, მხოლოდ ჩინური გავლენის სასარგებლოდ არ გადაწყვეტილიყო.
“ლენდლორდის მოდელი” და ბიუჯეტის რისკები
- თუკი მთავრობამ გაიზიარა დასავლეთის ეს მოთხოვნა, გჯერათ თუ არა, რომ არსებობს პორტის აშენების რეალური პოლიტიკური ნება და რამდენად იმუშავებს ე.წ. „ლენდლორდის მოდელი“?
- ეს მოდელი ძალიან ლოგიკურად ჯდება აღნიშნულ ნარატივში. პორტის სივრცეების ოპერატორებისთვის გადაცემა ნიშნავს, რომ ეს ოპერატორები, სავარაუდოდ, სწორედ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები იქნებიან. რაც შეეხება დაფინანსებას, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პორტს სახელმწიფო აშენებს და ამისთვის სესხს აიღებს - შესაძლოა, აქაც ამერიკული საფინანსო კორპორაციების ინტერესი ფიგურირებდეს. “ლენდლორდის” იდეაა, რომ პორტი არც ჩინური იყოს, არც ამერიკული და არც რუსული - ის იქნება ქართული, თუმცა როგორც თბილისის მეტროს ხშირი მომხმარებელი, გეტყვით: ხელისუფლებას, რომელმაც 5 წელია ვარკეთილის ერთი მეტროსადგური ვერ გაარემონტა, არ მჯერა, რომ ანაკლიის მასშტაბის პროექტის განხორციელების უნარი შესწევს.
ჩემი მთავარი წუხილი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს სერიოზული სესხის აღება მოუწევს - ეკონომიკის მინისტრმა თავად თქვა, რომ დამატებით $200 მილიონი იქნება საჭირო პროექტისთვის, რომლის მოძიება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. „ქართულ ოცნებას“, შესაძლოა, 2027 წელს ბიუჯეტში პენსიების კანონით გათვალისწინებული ზრდის თანხებიც კი არ ჰქონდეს და ასეთ დროს მილიარდ ასმილიონიან პროექტზე საუბარი სრული მოუმზადებლობაა… არ მჯერა, რომ დასახელებული $1.1 მილიარდი ამ პროექტს ეყოფა, ის ბევრად ძვირი დაჯდება, თუმცა დღეს ხელისუფლების ინტერესში ზუსტი რიცხვების დასახელება არ შედის.
- რა მოდელი იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური ანაკლიის პორტის ასაშენებლად?
- სასურველი სცენარი იქნებოდა მრავალმხრივი საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა (აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი), როგორც ეს პირველი მცდელობისას იგეგმებოდა. ის, რომ პორტი შენდება, კარგია, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო მას საკუთარი (და ნასესხები) ფულით აშენებს - ძალიან ცუდია. „ქართული ოცნების“ ნდობა საერთაშორისო დონეზე იმდენად შერყეულია გადაწყვეტილებების მუდმივი ცვლილების გამო, რომ კერძო ინვესტორებს საკუთარი კაპიტალის რისკის ქვეშ დაყენება უბრალოდ არ სურთ, ამიტომ ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არც ჰქონდა: გადაწყვიტა თავად ააშენოს, ხოლო კერძო სექტორს მხოლოდ ტერმინალების მართვა შესთავაზოს.
საქართველოს გაყინული ევროინტეგრაცია - "სპილო ოთახში"
- ეკონომიკის მინისტრმა დააზუსტა, რომ $350-$400 მილიონს სწორედ ტერმინალების მომავალი ოპერატორები ჩადებენ. არის თუ არა ჩვენი ქვეყანა დღეს იმ მდგომარეობაში, რომ მიმზიდველი იყოს აზიური თუ დასავლური კომპანიებისთვის, თუნდაც ევროინტეგრაციის პროცესი გაყინული დარჩეს?
- არსებობს ასეთი ტერმინი - „სპილო ოთახში“ რაც ნიშნავს, რომ არსებობს უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზედაც დისკუსიის დროს შეგნებულად არ ვსაუბრობთ. ეს საკითხი ევროკავშირია. რატომ სურს ცენტრალურ აზიას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა ასე ძლიერ?! იმიტომ კი არა, რომ მათ საქართველოს ბაზარზე მეტად ყოფნა აინტერესებთ, არამედ იმიტომ, რომ სურთ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა. რატომ სურს ჩინეთს „შუა დერეფნის“ განვითარება?! რადგან მას სჭირდება ალტერნატიული გზა ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად. თუ საქართველოს სახელმწიფომ ვერ მოახერხა ევროკავშირთან ურთიერთობის მოწესრიგება და ეს პროცესი გაყინული დარჩა, არც ჩინეთს და არც ცენტრალურ აზიას საქართველო, როგორც დერეფანი, აღარ დააინტერესებს. თუ ევროკავშირი იტყვის, რომ მის ინტერესებში არ შედის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა, ანაკლიის პროექტი იქნება აბსოლუტურად დაკარგული და გადაყრილი ფული…
- აშენდება ანაკლიის პორტი?
- "ქართული ოცნება" ანაკლიას ვერ ააშენებს.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- წერტილი კი უნდა დავუსვათ გაუმჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფას. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოში ასეთ სტრატეგიულ პროექტებზე საუბრისას. ეკონომიკის მინისტრი ისე საუბრობს ასობით მილიონი დოლარის დახარჯვაზე, თითქოს ამერიკის ან ჩინეთის ხელა ბიუჯეტი გვქონდეს. რეალურად კი, „ქართული ოცნება“ სოციალური დახმარების მიმღებთა სიებს ფილტრავს და ცხრილავს ბიუჯეტში ფულის არქონის გამო, ამ დროს კი იწყებს მილიარდიან პროექტს ყოველგვარი ეკონომიკური დასაბუთების გარეშე.
BM.GE
წყარო: bm.ge