
„ჩვენ არ ვთქვით უარი, მიგვეღო სარგებელი ომებიდან“ - რატი წიკლაური ექსპორტის ზრდის მიზეზებზე
საქართველოს ექსპორტის ზრდა, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა, ძირითადად საგარეო ფაქტორებითაა განპირობებული და არა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობით. ამის შესახებ ეკონომისტმა რატი წიკლაურმა BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა.
მისი შეფასებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ექსპორტის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები რუსეთ-უკრაინის ომით შექმნილი გარემო, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს საქმიანობა და საერთაშორისო ბაზრებზე ცალკეული პროდუქციის ფასების ზრდაა.
ეკონომისტის თქმით, 2022 წლიდან საქართველომ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო ავტომობილების რეექსპორტიდან, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის ერთგვარ ალტერნატიულ ლოგისტიკურ მარშრუტად იქცა.
„ყველაზე დიდი ზრდა ექსპორტის მიმართულებით საბოლოო ჯამში მაინც ასოცირდება რუსეთ-უკრაინის ომთან და იმასთან, რომ საქართველო ამ კონფლიქტში ცენტრალური დერეფნის პოზიციაზე აღმოჩნდა. 2022 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტი. ეს იყო ბიზნესი, რომელმაც სარგებელი არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებს, არამედ მოსახლეობის ძალიან ფართო ფენებსაც მოუტანა.“
თუმცა, მისი შეფასებით, ეს ეფექტი უკვე სუსტდება, რადგან რუსეთმა გასული წლის ბოლოდან ავტომობილების იმპორტზე დამატებითი შეზღუდვები და გადასახადები აამოქმედა.
„მაისის მონაცემებით, ავტომობილების რეექსპორტი უკვე 24%-ით არის შემცირებული. რუსეთის მიერ დაწესებული ახალი გადასახადებისა და შეზღუდვების გამო ეს ბიზნესი პრაქტიკულად წამგებიანი გახდა. ფაქტობრივად, რუსეთმა დაგვიკეტა ის ბაზარი, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა.“
აღსანიშნავია, რომ წელს 5 თვეში ავტომობილების რეექსპორტის მხრივ ძირითადი კლება საქართველოსთვის მთავარ პარტნიორ ისეთ ბაზრებზე ფიქსირდება როგორიცაა ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი. რიგ ქვეყნებში კი მაგალითად, ირანში, ტაჯიკეთში და სომხეთში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა.