
ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორთან მოლაპარაკებებზე, ყველა შემთხვევაში ანაკლია აშენდება - კობახიძე
ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე BMG-ის კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კონცენტრირებულია ინვესტორთან მოლაპარაკებებზე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ პროექტს. მისი თქმით, ინვესტორთან დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
bm.ge-მ პრემიერს ჰკითხა, აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ინვესტორის მოძიებას და მასთან შეთანხმებას ვერ მოახერხებს.
"ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორზე. ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მაქსიმალურ სარგებელს და მოგებას მიიღებს ამ პროექტიდან. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორთან მოლაპარაკებებზე. ყველა შემთხვევაში ანაკლია აშენდება, აშენდება ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციების განვითარებას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა უკვე თითქმის ორი წელი გავიდა და ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა, როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.