
"ჩვენ მხოლოდ მივესალმებით"|კობახიძე - ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებაზე
პრემიერი ირაკლი კობახიძე მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, სანქციების 22-ე პაკეტის პროექტით წევრ ქვეყნებისთვის ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების რეკომენდაცია მიეცა.
სანქციების რიგით 21-ე - 23 ივლისს დამტკიცებული პაკეტით ყულევის ქარხანას რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლებისთვის 6-თვიანი გარდამავალი პერიოდი მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში 2027 წლის 25 იანვრიდან მასზე ფინანსური ტრანზაქციების შეზღუდვა გავრცელდებოდა.
პრემიერი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების რეკომენდაციას "აბსოლუტურად ლოგიკურად" აფასებს და ამავდროულად, იმის დასტურად წარმოაჩენს, რომ "ქართული ოცნება" მართალი იყო, როცა თავის დროზე ყულევის ქარხნის მიმართ პრეტენზიებს "ტყუილზე დაფუძნებულს" უწოდებდა.
"[სიიდან ამოღების რეკომენდაციას] მხოლოდ დადებითად შევაფასებდი. ჩვენ ფაქტებზე ვსაუბრობდით. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები და აღდკინებით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს და იყო ტყუილზე დაფუძნებული, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება, - ანუ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან და ამას მხოლოდ მივესალმებით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიიდან ქარხნის ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება. თუ ისინი წინადადებას 2027 წლის 25 იანვრამდე დაამტკიცებენ, ქარხანაზე ფინანსური გარიგებების შეზღუდვა აღარ ამოქმედდება. სანქციების პაკეტის დეტალური პროექტი გუშინ საღამოს თავდაპირველად გამოცემა The Kyiv Independent-მა გაავრცელა. იგი აღნიშნავდა, რომ ევროკომისია BSP-ს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სიიდან ამოღების რეკომენდაციას გასცემდა.
ქარხნის მფლობელი და ოპერატორი Black Sea Petroleum-ის განცხადებით, საწარმო 23 აგვისტოდან მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს და ამ პოლიტიკას მომავალშიც შეინარჩუნებს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში 86,300 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა, ხოლო მომწოდებელი ქვეყანა მხოლოდ ლიბია იყო.
დღეს კი კომპანიამ ლიბიიდან ნედლი ნავთობის მეოთხე პარტიის მიღების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ყულევში ორი ტანკერის მეშვეობით 18 და 23 ნოემბერს 87,500 ტონა ლიბიური ნედლი ნავთობი შევიდა.
BM.GE
წყარო: bm.ge