
მთავრობამ RMG ჯგუფის კომპანიას ოქრო-ვერცხლის მოპოვების მოცულობები გაუზარდა | „ჯორჯიან გოლდ კომპანის“ ვალდებულებები
მთავრობამ RMG ჯგუფში შემავალ კომპანიაზე ოქროს და ვერცხლის მოპოვების მოცულობები გაუზარდა - ამას ითვალისწინებს ირაკლი კობახიძის მიერ 10 ნოემბერს ხელმოწერილი 2 614-ე განკარგულებიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა ცვლილება შეეტანა შპს „ჯორჯიან გოლდ კომპანიზე“ 2023 წელის 1 ივნისს გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 552-ე ლიცენზია-ბრძანებაში, რომლითაც „ბნელიხევის“ ოქრო-პოლიმეტალური საბადოდან ოქროსშემცველი მადნების მოპოვების მოცულობებს ადგენს.
უფრო კონკრეტულად, კომპანიას ოქროს მოსაპოვებელი მოცულობა, 2025 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით დამტკიცებული მარაგების ფარგლებში 1 260 კგ-მდე, ვერცხლის კი 1 875 კგ-მდე გაეზარდა. 2025 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობის დამტკიცებული მარაგების ფარგლებში მოცულობები კი ოქროზე 2 125 კგ-მდე, ვერცხლი - 6250 კგ-მდე გაეზარდა. განკარგულებაში აღნიშნული არ არის, მოსაპოვებელი ძვირფასი ლითონების თავდაპირველი მოცულობები.
განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ძვირფასი ლითონების მოპოვების გაზრდილ მოცულობებზე „ჯორჯიან გოლდ კომპანიმ“ ბიუჯეტში ჯამში 2 184 469 ლარი ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ ვადაში უნდა გადაიხადოს. აქედან 726 276 ერთ შემთხვევა, ხოლო 1 458 193 ლარი - მეორეში.
მითითებული მოცულობების ფარგლებში, ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე ანუ 2041 წლის 13 ოქტომბრამდე, ლიცენზიის გამცემი ოდენობებს ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას, ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავს.
წარსადგენი ინფორმაციისა და მონაცემების უტყუარობაზე კი პასუხისმგებელი ლიცენზიის მფლობელი - "ჯორჯიან გოლდ კომპანია".
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „ჯორჯიან გოლდ კომპანი“ 2017 წელსაა რეგისტრირებული და ის „კავკასიის სამთო ჯგუფის“ მფლობელობაშია, რომელსაც თავის მხრივ შპს "მაინინგ ინვესთმენთსი" ფლობს. ეს კომპანია კი „არემჯი გოლდის“ 96.21%-იანი წილის მფლობელია. ყველა კომპანიაში დირექტორის პოზიციას ჯონდო შუბითიძე იკავებს.
„მაინინგ ინვესთმენთს“ სამეთვალყურეო საბჭო ფლობს, რომლის წევრი და თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკი, თავმჯდომარის მოადგილე - კახაბერ მჭედლიშვილი, წევრი კი ასევე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი კორჟევია.
აღსანიშნია, რომ ამ კომპანიის 100%-იან წილს კვიპროსში რეგისტრირებული „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ ფლობს.
BM.GE
წყარო: bm.ge