
ჩვენი ამოცანაა, საქართველო-უზბეკეთის ვაჭრობის მოცულობამ $1 მილიარდს მიაღწიოს - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სხდომის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე ინვესტიციების მიმართულებით სხვადასხვა საკითხები.
„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ინვესტიციების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ზოგადად, რეგიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში არის ჩართული“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. უზბეკეთის მხრიდან სხდომა ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო ბრუნვამ 311 539 მლნ დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, სხდომის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზეც.
„მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას და შესაბამისად, ცენტრალური აზიის დაკავშირებას ევროპულ ბაზრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ის ისტორიული განახლება, რომელიც რკინიგზაში ხორციელდება. ამასთან, უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს უზბეკეთი ჩინეთსა და ყირგიზეთთან ერთად, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შუა დერეფანში ჩინური ტვირთები დამატებით მოვიზიდოთ. მათი რკინიგზა 2029 წლიდან დაახლოებით 15 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს, შესაბამისად, ჩვენ თანხვედრაში ვართ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ. საქართველო აორმაგებს გამტარუნარიანობას რკინიგზის მოდერნიზაციის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებით“, - განაცხადა იოსელიანმა.
BM.GE
წყარო: bm.ge