
"ჩვენი მიზანია, გუდაური ოთხსეზონიან მიმართულებად ვაქციოთ" - Pontus Rotana Gudauri-ს გეგმები
დეველოპერული კომპანია Pontus-ი, სასტუმროთა საერთაშორისო ოპერატორ Rotana-სა და იტალიურ არქიტექტურულ ბიურო NOA-სთან (Network of Architecture) ერთად, გუდაურში ახალ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
"Pontus Resort", რომელიც ბრენდ Rotana-ს პირველი სამთო-სათხილამურო სასტუმრო იქნება, მიზნად კურორტის ახალი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებას ისახავს. პროექტის დეტალების, პარტნიორების შერჩევის პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ "პონტუს კაპიტალის" დამფუძნებელმა, ირაკლი ვარშალომიძემ BMG-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" ისაუბრა.
ირაკლი ვარშალომიძის განმარტებით, საინვესტიციო და დეველოპერული თვალსაზრისით გუდაურის შერჩევა კურორტის ბუნებრივმა უპირატესობებმა განაპირობა. მისი თქმით, გუდაური არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელ რეგიონში (მეზობელი ქვეყნების ჩათვლით) ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ლოკაციაა სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებისთვის.
"გუდაურის განვითარება 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ჩვენი რეგიონის სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებთან შედარებით, ის საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა პოტენციალის თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. ამ განსაკუთრებულობას განაპირობებს მაღალი მდებარეობა ზღვის დონიდან და გრძელი სათხილამურო სეზონი. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ ეს პოტენციალი და შესაძლებლობები, ავირჩიეთ ეს ლოკაცია და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ შევქმნათ რაღაც უნიკალური და გამორჩეული", - აღნიშნა ვარშალომიძემ.
მისივე განმარტებით, პროექტის იდეა გასულ წელს გაჩნდა, როდესაც Rotana-ს მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ერთად კურორტს ეწვია, ადგილზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა და საერთაშორისო სტანდარტების სერვისებისა თუ ინფრასტრუქტურის დეფიციტი დააფიქსირა.
"პონტუს კაპიტალის" დამფუძნებელმა პარტნიორების შერჩევის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება. Rotana-სთან კომპანიას უკვე სამწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც გრძელვადიან გეგმებს ეფუძნება. რაც შეეხება იტალიურ არქიტექტურულ ბიურო NOA-ს, პროექტში მათი ჩართვა მიზანმიმართული ძიების შედეგი იყო.