
"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ" - სონღულაშვილი
"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაულს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი ადგილობრივ მეცხვარე ფერმერებს შეხვდა და მათი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს გაეცნო.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მეცხვარეობის განვითარების შესაძლებლობები, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ვეტერინარული მომსახურების საკითხები, საძოვრების ეფექტიანი გამოყენება, წარმოებისა და პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობები. მინისტრმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესაძლებლობებიც გააცნო.
„მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული და მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო პოტენციალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე მოვისმინოთ ფერმერების საჭიროებები და ის გამოწვევები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აქვთ. სწორედ ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაცია გვაძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები მათ რეალურ საჭიროებებს მოვარგოთ. ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება და ფერმერებისთვის მხარდაჭერის უფრო მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს საკუთარი მეურნეობების გაფართოებისა და განვითარების მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაული ნინოწმინდაში, ქეჩალგორაზე 2014 წლიდან აღინიშნება.
BM.GE
წყარო: bm.ge