
რა საინვესტიციო ვალდებულებით გაიყიდა თავისუფლების მოედანზე სახელმწიფო ქონება ₾35 მილიონად? - პირობები
თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ მდებარე NATO-სა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი აუქციონზე 34 810 000 ლარად გაიყიდა.
სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი 14.1 მილიონი ლარი იყო, თუმცა 13 აგვისტოს დასრულებულ აუქციონზე, საბოლოო ინვესტორმა ის 21 მილიონი ლარით მეტად შეიძინა.
ობიექტი თბილისში, შალვა დადიანის ქუჩა N2/კოტე აფხაზის ქუჩა N1-ში მდებარეობს და მოიცავს 478 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობას. მას საინვესტიციო ვალდებულებები მოჰყვება. კერძოდ, ქონების საპრივატიზებო პირობაა მაქსიმუმ 4 წლის ვადაში მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტერიტორიაზე ბიზნეს-ობიექტის (სასტუმრო, ოფისი, სავაჭრო ან კვების სივრცე) ამოქმედება.
"ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 48 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე კომერციული/ბიზნეს საქმიანობის მიზნით, საოფისე სივრცეების ან/და საერთაშორისო ოპერატორი კომპანი(ებ)ის (ან/და მათი ფილიალების) ქსელის სასტუმრო(ებ)ის ან/და სავაჭრო ან/და საკვები ობიექტ(ებ)ის/სივრც(ეებ)ის (გარდა ყოველდღიური მიზნებისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთების/საგნების სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება",- აღნიშნულია აუქციონის შესახებ ინფორმაციაში.ამასთან, შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან/თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გააფორმოს.
BM.GE
წყარო: bm.ge