
ჩვენი მიზანია, საქართველო არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ფინანსური კავშირების ცენტრი იყოს | მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის ფინანსური სამიტის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რიგით მეორე, საერთაშორისო ფინანსური სამიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად გახსნა.
„უკვე მეორე წელია, საქართველო მასპინძლობს თბილისის ფინანსურ სამიტს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა - რეგიონული ეკონომიკური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირის საფუძველზე, განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა, იყოს რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყანა.
„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდა, სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა მიმდინარე, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, ისევე როგორც ახალი საერთაშორისო აეროპორტის - ვაზიანის პროექტზე.
„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა მხოლოდ გეოგრაფია წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. თანამედროვე ეკონომიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ის, თუ რამდენად სწრაფად გადაადგილდება ტვირთი ერთი ქვეყნიდან მეორეში, არამედ ისიც, თუ რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ მოძრაობს კაპიტალი, ხორციელდება გადახდები და ვითარდება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები მეზობლებსა და რეგიონის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსური სისტემა გამოირჩევა მდგრადობითა და ტექნოლოგიური განვითარებით. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საინვესტიციო ფონდების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულებით. აღნიშნული რეფორმები ქმნის საფუძველს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და კერძო სექტორის დაფინანსების შესაძლებლობების გასაფართოებლად. კონკრეტული შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა - კორპორაციული ბონდების ბაზარი აგრძელებს მნიშვნელოვან ზრდას და მეტი ინვესტორი და ბიზნესი ინტერესდება საინვესტიციო ფონდების მიმართულებით.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მჯერა, რომ ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
„თბილისის ფინანსური სამიტი“ წარმომადგენლობითი ფორუმია, რომელშიც 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს - როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნეს სექტორიდან. სამიტზე წელს განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ხელოვნური ინტელექტი, ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება და სხვა.
BM.GE
წყარო: bm.ge