მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. CMC საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს - რა გეგმები აქვს კომპანიას
CMC საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

CMC საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 02:40|bm.ge

ქართული სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია CMC საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას განაგრძობს. მის ფოკუსშია საქართველო, სომხეთი, უზბეკეთი და საუდის არაბეთი, პარალელურად კი არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კვიპროსის ბაზრებსაც იკვლევს.

CMC-ს კომერციული დირექტორი თამარ თავაძე BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აცხადებს, რომ კომპანიას დასრულებული პროექტი აქვს სერბეთში, სომხეთში კი სამ პროექტზე მუშაობს. უზბეკეთის ბაზარზე ოპერირება კომპანიამ დაახლოებით ექვსი თვის წინ დაიწყო.

„სომხეთის ბაზარზე ჩვენი გამოცდილება გვეხმარება, რადგან ეს არის ის გზა, რომელიც საქართველომ დაახლოებით 10-15 წლის წინ გაიარა. ამ ბაზარზე უკვე გვაქვს გამოცდილება, ერთი პროექტი წარმატებით დავხურეთ, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა CMC-ის კვალიფიკაცია. ამჟამად სამი პროექტი გვაქვს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური Renshin-ის 350 000 კვადრატული მეტრის დეველოპერული კომპლექსია.

უზბეკეთში მუშაობა დაახლოებით ნახევარი წლის წინ დავიწყეთ. კომპანიის რეგისტრაციას გარკვეული დრო დასჭირდა, შემდეგ ჩვენი დირექტორი გადავიდა ქვეყანაში და ახლა აქტიურად მართავს შეხვედრებს. უკვე კონკრეტულ პროექტებზე ვსაუბრობთ“, - აცხადებს თამარ თავაძე.

კომპანიის კომერციული დირექტორის შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე CMC-ის კონკურენტული უპირატესობა მომსახურების მოქნილობა, მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან შედარებით დაბალი ფასი და ტექნოლოგიური გამოცდილებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საუდის არაბეთის ბაზარზე, სადაც პროექტების მართვის სფეროში უკვე წარმოდგენილი საერთაშორისო კომპანიების ნაწილს მომსახურების მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები აქვს.

„საუდის არაბეთში უკვე არიან შესული საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც პროექტის მართვა საკმაოდ მკაცრ ჩარჩოებში აქვთ მოქცეული. CMC ამ შემთხვევაში დამკვეთს უფრო ერგება. ჩვენი უპირატესობა დიდ კომპანიებთან შედარებით, გარდა ფასისა, რადგან CMC-ის ფასები გაცილებით დაბალია მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან შედარებით, მოქნილობაც არის. ჩვენ შეგვიძლია, მომსახურება კონკრეტული დამკვეთისა და პროექტის საჭიროებებს მოვარგოთ.

უზბეკეთში კი ძალიან დიდ როლს თამაშობს ტექნოლოგიური მიმართულება. ეს არის ბაზარი, სადაც ამ კუთხით განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა და CMC-ის გამოცდილება კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს“, - განმარტავს თავაძე.

მისივე ინფორმაციით, საუდის არაბეთში CMC ერთ-ერთ პროექტზე უკვე მუშაობდა, თუმცა რეგიონში საომარმა ვითარებამ პროცესს ხელი შეუშალა. ამ ეტაპზე კომპანია ბაზარზე საქმიანობას საქართველოდან მართავს. საერთაშორისო ოპერაციების განვითარებაში კი მნიშვნელოვან როლს ადგილობრივ პარტნიორებს ანიჭებს, რომელთა დახმარებითაც ბაზარზე ბიზნესკავშირებს ამყარებს და პოტენციურ პროექტებზე წვდომას იღებს.

„უცხო ქვეყანაში ბაზარზე გასვლისას აუცილებლად უნდა გყავდეს ადგილობრივი პარტნიორი. ყველა ქვეყანაში გვყავს პარტნიორი, რომელიც გვეხმარება ნეთვორქინგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუდის არაბეთის შემთხვევაში ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტის გამოცდილება და იქ დამყარებული კავშირები. ძირითადად ის პროექტები, რომლებზეც ამ ბაზარზე გავედით, სწორედ ამ კავშირების საშუალებით გახდა შესაძლებელი. ერთ-ერთი ჩემი ჯგუფელი დავიპარტნიორეთ, რომელიც ჩვენი წარმომადგენელია საუდის არაბეთის ბაზარზე“, - აღნიშნავს CMC-ის კომერციული დირექტორი.

ახალი ბაზრების მიმართულებით კომპანია ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კვიპროსს სწავლობს. თავაძის განმარტებით, საუდის არაბეთში შესვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ბაზარზე შექმნილი კონკურენტული ნიშა იყო. ბიუჯეტის ცვლილებისა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ნაწილის გასვლის შედეგად, საშუალო ზომის კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. მსგავს ტენდენციას CMC საამიროებშიც ხედავს, კვიპროსის მიმართ ინტერესი კი დაგეგმილ სამშენებლო პროექტებსა და საინვესტიციო აქტივობას უკავშირდება.

„საუდის არაბეთის ბაზრის კვლევისას აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის ცვლილების შემდეგ ზოგიერთი მსხვილი კომპანია ბაზრიდან გავიდა და საშუალო ზომის კომპანიებისთვის ნიშა გაჩნდა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ბაზარზე შესვლა გადავწყვიტეთ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს, ჩვენი გადაწყვეტილებისთვის საკმარისი არ ყოფილა. მნიშვნელოვანი იყო იმის დანახვა, თუ სად არსებობდა ჩვენი კომპანიისთვის რეალური შესაძლებლობა.

ახლა კვიპროსიც საკმაოდ საინტერესო ბაზარია - ბევრი მშენებლობა იგეგმება, დიდი მოცულობის ინვესტიციაა შესული და ამ ბაზარს აქტიურად ვსწავლობთ. შესაბამისად, ახალ ქვეყანაში შესვლა მხოლოდ სურვილს არ ეფუძნება. ეს ხანგრძლივი კვლევის პროცესია, რომელშიც ჩვენი კომერციის დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული“, - ამბობს თამარ თავაძე.

მისივე განცხადებით, უახლოეს ეტაპზე CMC-ის მთავარი ამოცანა უკვე ათვისებულ ბაზრებზე პროექტების რაოდენობის ზრდა და პოზიციების გამყარებაა. კომპანია პარალელურად საქართველოს ბაზარზეც საქმიანობის გაძლიერებას გეგმავს, ხოლო ახალი ქვეყნების დამატების გადაწყვეტილებას მიმდინარე ბაზრების განვითარების პარალელურად მიიღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის 60 რაკეტის მიწოდებას აყოვნებს

პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის 60 რაკეტის მიწოდებას აყოვნებს

BM.GE

გასულ კვირას, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის დახმარებით 108 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა

გასულ კვირას, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის დახმარებით 108 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა

BM.GE

აშშ-მა Megaspeed-ი და Alibaba-ს შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა

აშშ-მა Megaspeed-ი და Alibaba-ს შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა

BM.GE

Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელმა სუპერინტელექტზე კონტროლის დაკარგვის რისკზე ისაუბრა

Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელმა სუპერინტელექტზე კონტროლის დაკარგვის რისკზე ისაუბრა

BM.GE