
Coupang-ს სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა გამოუწერეს - რატომ?
სამხრეთ კორეის პერსონალური მონაცემების დაცვის კომისიამ ელექტრონული კომერციის გიგანტ Coupang-ს მომხმარებელთა მონაცემების მასშტაბური გაჟონვის გამო რეკორდული მოცულობის ჯარიმა გამოუწერა.
არსებული ინფორმაციით, მარეგულირებელმა კომპანიას 625 მილიარდი ვონის ($409.30 მლნ.) ოდენობის სანქცია დააკისრა. საყურადღებოა, რომ ქვეყნის ისტორიაში ამ მასშტაბის ფულადი ჯარიმა არცერთ ფირმას არ მიუღია.
Reuters-ის გამოთვლებით, ეს თანხა Coupang-ის 2025 წლის შემოსავლის 1.4%-ს შეადგენს. ცნობისთვის, კომპანიის წლიურმა შემოსავალმა გასულ წელს 45 ტრილიონი ვონი ($29.47 მლრდ.) შეადგინა.
კომისიამ დაადგინა, რომ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ 33 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები კანონდარღვევით გაასაჯაროვა და წესით დადგენილ 72 საათში დარღვევა ვერ აღმოაჩინა.
სამთავრობო გამოძიებამ მომხდარი უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობასა და მენეჯმენტის შეცდომებს დააბრალა. კომისიის ხელმძღვანელმა სონგ კიუნგ-ჰიმ განაცხადა, რომ ინციდენტი კომპანიის მხრიდან დაცვის მექანიზმების არარსებობამ გამოიწვია და აქ უცხო, გარე პირთა მხრიდან ჰაკერული თავდასხმა არაფერ შუაში არ იყო.
კორეის მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების კოდები ეროვნებით ჩინელმა, კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა მოიპარა და ამ გზით მომხმარებელთა ანგარიშებზე არასანქცირებული წვდომა მოიპოვა. შესაბამისად, კოდების გაუფრთხილებლობა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც დაეკისრა Coupang-ს კოლოსალური მოცულობის ჯარიმა.
რაც შეეხება უშუალოდ Coupang-ის პოზიციას, კომპანიამ საზოგადოებასა და მომხმარებლებს შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიში საჯაროდ უკვე მოუხადა. თუმცა ორგანიზაციაში უკმაყოფილება გამოხატეს იმის გამო, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილებაში კომპანიის მიერ მეორადი ზიანის პრევენციისთვის გატარებული აქტიური ზომები უგულებელყოფილ იქნა და $409 მილიონის ჯარიმა მაინც გამოიწერა.
ცნობისთვის, სიეტლში რეგისტრირებული Coupang-ი ძირითად შემოსავალს სამხრეთ კორეაში პროდუქტებისა და საკვების სწრაფი მიწოდების სერვისით აგენერირებს. IM Securities-ის შეფასებით, კომპანია ქვეყნის ლოგისტიკური მომსახურების ბაზრის დაახლოებით 40%-ს აკონტროლებს, რაც კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
BM.GE
წყარო: bm.ge