მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა უახლოეს წლებში არ იგეგმება
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა უახლოეს წლებში არ იგეგმება

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი დანერგვა უახლოეს წლებში არ იგეგმება

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 20:12|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებას უახლოეს წლებში არ გეგმავს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში არის აღნიშნული. როგორც სებ-ი განმარტავს, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ციფრული ლარის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს და ცენტრალურ ბანკს მისი გამოცდის მიზნით საპილოტე პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება დაგეგმილი არ არის.

დღევანდელ განცხადებაში ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ცვლილებები, ერთი მხრივ, ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, ხოლო მეორე მხრივ, ნაღდი ლარის გამოშვების უფლებამოსილებას უცვლელად ტოვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, უახლოეს წლებში ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებას“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

სებ-ის განმარტებით, საპილოტე პროექტის მიზანი ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლა, გამოცდა და იმის შეფასებაა, თუ რა პრაქტიკული სარგებელი შეიძლება მოუტანოს ციფრულმა ვალუტამ მოქალაქეებსა და ბიზნესს. უწყების შეფასებით, მიღებული გამოცდილება მომავალში საქართველოს საფინანსო სისტემის ინოვაციურ განვითარებასა და ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს.

რა შეიცვალა კანონმდებლობაში

ციფრული ლარის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა გასულ კვირაში დაჩქარებული წესით მიიღო.

ცვლილებები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ციფრული ფულის ცნების დამკვიდრებასა და ეროვნული ბანკის უფლებამოსილებების დაზუსტებას ითვალისწინებდა. ახალი რეგულაციით, მხოლოდ ეროვნულ ბანკს ექნება უფლება, დაამზადოს და საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში გაუშვას ლარის ბანკნოტები, მონეტები და მათი ციფრული ვერსია.

ამასთან, მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ციფრული ლარი ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება იქნება ნომინალური ღირებულებით. ცენტრალური ბანკი გააკონტროლებს როგორც ნაღდი, ისე ციფრული ფულის მარაგს და განსაზღვრავს მისი ემისიის გეგმას. კანონმდებლობით, ციფრული ლარის გამოშვება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად აკრძალულია.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ციფრული ვალუტის კვლევასა და შემუშავებას შესაძლოა კვლევითი მომსახურების შესყიდვა დასჭირდეს, რაც ეროვნული ბანკის ხარჯებზე აისახება. თუმცა, დოკუმენტში კონკრეტული თანხა მითითებული არ არის. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ასეთი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, მიმდინარე ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეროვნული ბანკის ასიგნებებიდან დაფინანსდება

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის სატესტო პროექტზე ძირითადად 2021-2024 წლებში მუშაობდა. 2025 წლის ნოემბერში სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ BMG-ს განუცხადა, რომ პროექტის ფარგლებში ცენტრალურმა ბანკმა მსგავსი ინიციატივების მართვის მიმართულებით გამოცდილება დააგროვა.

ამასთან, ებანოიძის თქმით, იმ დროისთვის გლობალურად შემცირებული იყო ინტერესი ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ფულის შემოღების ინიციატივების მიმართ. მაშინ, BMG-ის კითხვაზე, დაინერგებოდა თუ არა ციფრული ლარი საქართველოში, მან არ გამორიცხა, რომ პროექტი საბოლოოდ არ განხორციელებულიყო.

ეროვნული ბანკის მიერ ახლა გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ციფრული ლარის დაუყოვნებლივ ან საყოველთაო დანერგვას არ ნიშნავს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რა შეიცვალა 2025 წლის ნოემბრის შემდეგ და რატომ დადგა ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის საკითხი კვლავ დღის წესრიგში.

როგორ განსხვავდება ციფრული ლარი კერძო ციფრული ვალუტებისგან

ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოში ფინანსური ტრანზაქციებისას უკვე გამოიყენება ისეთი ციფრული აქტივები, როგორიცაა USDT და USDC. ეს სტაბილქოინები კერძო პირების მიერ გამოშვებული ციფრული აქტივებია, რომელთა ღირებულება უცხოურ ვალუტას უკავშირდება და რომლებიც, მათ შორის, საბირჟო ვაჭრობისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებისთვის გამოიყენება.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა კი უშუალოდ ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა. სებ-ის პოზიციით, ეს მას სანდოობის განსხვავებულ ხარისხს ანიჭებს კერძო ემიტენტების მიერ გამოშვებულ ციფრულ აქტივებთან შედარებით.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ქვეყნები ციფრული ვალუტების განვითარების სხვადასხვა მოდელს ირჩევენ. აშშ კერძო სტაბილქოინების განვითარებაზეა ორიენტირებული, ევროკავშირი კი კერძო ციფრულ ვალუტებთან ერთად ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებასაც უჭერს მხარს. სებ-ის განმარტებით, საქართველო ამ უკანასკნელ მიდგომას იზიარებს.

ამასთან, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კერძო სექტორის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ საქმიანობასაც არეგულირებს, მათ შორის სტაბილქოინების გამოშვებისა და უზრუნველყოფის მიმართულებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

BM.GE

სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია

სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია

BM.GE

9 თვეში ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 10%-ით 1 098 027-მდე გაიზარდა | TAV Georgia

9 თვეში ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 10%-ით 1 098 027-მდე გაიზარდა | TAV Georgia

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE