
დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ფიჭური კავშირგაბმულობის ანძა რადიაციულ ნორმებს არღვევდა - კომუნიკაციების ომბუდსმენის ანგარიში
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ფიჭური კავშირგაბმულობის ანძა რადიაციული ნაკადის სიმკვრივის ნორმებს არღვევდა.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში საანძო მეურნეობებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის შედეგად შესაძლო საშიში რადიაციული დასხივების საკითხზე სულ კომუნიკაიცების ომბუდსმენის სამსახურში 155 მიმართვა შევიდა.
ომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რომ მათი როლი ამ პროცესში მოქალაქეთა უფლებების დაცვის ხარისხის გაზრდაა.
„მაღალსიხშირული საანძო მეურნეობების ფუნქციონირების შედეგად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო საშიში დასხივების საკითხთან დაკავშირებით, სამსახური ახორციელებს მომხმარებელთა ინფორმირებასა და კონსულტირებას, საჭიროების შემთხვევაში მათ გადამისამართებას პასუხისმგებელ უწყებებთან, აგრეთვე ხელს უწყობს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გარემოს დაცვითი ნორმების ეფექტიან დაცვას და მოქალაქეების უფლებების დაცვის ხარისხს“ - წერია ანგარიშში.
ამასთან, სამსახური განმარტავს, რომ საანძო მეურნეობების განთავსებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის შედეგად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში რადიაციული დასხივების საკითხები კომუნიკაციების ომბუდსმენის კომპეტენციას სცილდება, ამიტომ სამსახურში შემოსული მიმართვიანობის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევების იდენტიფიცირება ხდებოდა, როდესაც მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შედეგად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში რადიაციული გავლენის ალბათობა წარმოიქმნებოდა.
მათივე ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით, ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელების საბაზო რადიოსადგურების ფუნქციონირების პროცესში ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებული ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობას სსიპ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განსაზღვრავს.
„სამსახური ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს სსიპ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთვის, მათ შორის ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელების საბაზო რადიოსადგურების ფუნქციონირების პროცესში ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებული ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის განსაზღვრისა და ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობაში დადგენის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება, როგორც სამსახურის, ასევე განმცხადებელთა ეფექტური ინფორმირებისთვის.
გასული წლების მსგავსად, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამსახურმა მოიკვლია საანძო მეურნეობების განთავსების/ექსპლუატაციაში შეყვანის შედეგად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში რადიაციული დასხივებასთან დაკავშირებით 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში არსებული მდგომარეობა და მიმართა სსიპ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
2026 წლის 17 თებერვლის სსიპ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი NDES 92600010442 წერილობითი ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დეპარტამენტს მიმართა 51 მოქალაქემ, საიდანაც 1 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტზე მომსახურების გამწევი კომპანიის მიმართ შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი, რაც ითვალისწინებდა 5000 ლარით ოპერატორის დაჯარიმებას და სადგურის დემონტაჟს“ - ნათქვამია კომუნიკაციების ომბუდსმენის ანგარიშში.
BM.GE
წყარო: bm.ge