
დაინერგება ელექტრონული ნოტარიატი | მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს
მთავრობა 2026 წლის საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მომზადებული და საშემოდგომო სესიაზე მისაღები კანონპროექტების გეგმაშია გათვალისწინებული.
მთავრობის მიერ წარდგენილი განმარტების მიხედვით, ცვლილებების მიზანია ნოტარიული საქმიანობის მარეგულირებელი ცალკეული საკითხების ახლებურად მოწესრიგება, მათ შორის, ნოტარიუსის თანამდებობისთვის წაყენებული მოთხოვნებისა და პირობების, ნოტარიუსის შენაცვლების ვადის, ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირებისა და სანოტარო მოქმედებების შესრულების საკითხების დაზუსტება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ელექტრონული ნოტარიატის დანერგვა იქნება. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს საჯარო და კერძო სანოტარო აქტების დეფინიციას და დააზუსტებს სანოტარო მოქმედების გადადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ცვლილებების ინიციატორების განცხადებით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ნოტარიატში პროფესიონალი კადრების შენარჩუნებას და ნოტარიუსების მაღალმთიან რეგიონებში დამაგრებას. ამასთან, დაზუსტდება პროფესიაში შესვლის კრიტერიუმები და გაიზრდება ნოტარიუსის შენაცვლების ვადა.
"კანონპროექტის მიზანია, პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებისა და სხვა გარემოებების გამო, ახლებურად მოაწესრიგოს ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება: ნოტარიუსის თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებსა და პირობებს, ნოტარიუსის შენაცვლების ვადის გაზრდას, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირებასა და სანოტარო მოქმედებათა შესრულების ცალკეულ ასპექტებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება:
• ხელს შეუწყობს ნოტარიატში პროფესიონალი კადრების შენარჩუნებასა და ნოტარიუსების მაღალმთიან რეგიონებში დამაგრებას; • დააზუსტებს პროფესიაში შესვლისთვის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს; • გაზრდის ნოტარიუსის შენაცვლების ვადას; • ოპტიმალურსა და არსებულ რეალობასთან შესაბამისს გახდის საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების საფასურს; • განსაზღვრავს, რომ სტაჟირების თეორიულ ნაწილს (სწავლებას) უზრუნველყოფს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“; • დანერგავს ელექტრონულ ნოტარიატს; • კანონით დაადგენს საჯარო და კერძო სანოტარო აქტების დეფინიციას; • დააზუსტებს სანოტარო მოქმედების გადადებასთან დაკავშირებულ საკითხებს", - წერია მთავრობის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში.
BM.GE
წყარო: bm.ge