
2025 წელს ენგურჰესმა აფხაზეთს ₾76.7 მილიონის ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდა | ანგარიში
საქართველოს უმსხვილესმა ენერგეტიკულმა ობიექტმა, ენგურჰესმა და მისმა შვილობილმა ვარდნილჰესების კასკადმა 2025 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნეს, საიდანაც ირკვევა რომ გასულ წელს ჰესმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1.76 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიაწოდა, რაც მთლიანად ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 44% იყო. ფინანსური ანგარიშის თანახმად, მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება 76.7 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, სწორედ ამ მოცულობის შემოსავალი ჰესმა ვერ მიიღო.
მთლიანობაში ენგურჰესის ჯგუფმა, რაც ვარდნილჰესების კასკადსაც მოიცავს 2025 წელს 93.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წელთან შედარებით 33.8%-ით მეტია.
2025 წელს კომპანიამ სალტეზე 4.036 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაუშვა. აქედან აფხაზეთის ტერიტორიას 1.762 მილიარდი კვტ.სთ მიეწოდა, საქართველოში 1.932 მილიარდი კვტ.სთ გაიყიდა, ხოლო ექსპორტზე 342.6 მილიონი კვტ.სთ გავიდა.
ენგურჰესის საქმიანობის მნიშვნელოვანი თავისებურება აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებაა. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულებამ 76.7 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წელს კი — 56.5 მილიონი ლარი, ანუ ზრდა 35.8% იყო.
ენგურჰესი საქართველოს უმთავრესი ენერგეტიკული ობიექტია, მასში შედის ჯვარის წყალსაცავი, რომლის მოცულობა 1.11 მილიარდი კუბური მეტრია, 271.5 მეტრი სიმაღლის თაღოვანი კაშხალი და 15.3 კილომეტრის სიგრძისა და 9.5 მეტრი დიამეტრის სადაწნეო გვირაბი.
თავად ენგურჰესზე დამონტაჟებულია 5 ჰიდროაგრეგატი, თითოეულის საპროექტო სიმძლავრე 260 მგვტ-ია, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 1,300 მგვტ-ს შეადგენს. ამასთან, ენგურჰესის მიერ მოხმარებული წყალი მიედინება "ვარდნილჰესში", რომლის დადგმული სიმძლავრეც 340 მეგავატს შეადგენს.
2025 წელს ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციიდან ჯგუფმა 81.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 2024 წელს კი 48.5 მილიონი ლარის — ზრდა 68.6%. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, პირიქით, 21.3 მილიონი ლარიდან 11.7 მილიონ ლარამდე, ანუ 45.4%-ით შემცირდა. სხვა შემოსავალი 258 ათასი ლარიდან 348 ათას ლარამდე, 34.9%-ით გაიზარდა. ჯამური შემოსავალი 70.1 მილიონიდან 93.7 მილიონ ლარამდე, 33.8%-ით გაიზარდა.
შემოსავლის ზრდის პარალელურად, გაყიდული ელექტროენერგიის თვითღირებულება 39.2 მილიონიდან 45 მილიონ ლარამდე, ანუ 14.9%-ით გაიზარდა. მათ შორის ხელფასების ხარჯი 18.3 მილიონიდან 20.6 მილიონ ლარამდე (12.1%), ცვეთის ხარჯი 11.7 მილიონიდან 12.9 მილიონ ლარამდე (10.6%), ხოლო ბონუსები 1.7 მილიონიდან 4.7 მილიონ ლარამდე, დაახლოებით 178.6%-ით გაიზარდა.
ამის შედეგად ჯგუფის საერთო მოგება 30.9 მილიონიდან 48.7 მილიონ ლარამდე, ანუ 57.7%-ით გაიზარდა.
საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 14.7 მილიონიდან 16 მილიონ ლარამდე, 8.8%-ით გაიზარდა. რეალიზაციის ხარჯი კი 577 ათასი ლარიდან 460 ათას ლარამდე, 20.3%-ით შემცირდა. ამ ცვლილებების შედეგად საოპერაციო მოგება 15.8 მილიონიდან 30.4 მილიონ ლარამდე, ანუ 92%-ით გაიზარდა.
2025 წელს ჯგუფის წმინდა ფინანსური ხარჯი 11.8 მილიონი ლარი იყო, 2024 წლის 14.7 მილიონ ლართან შედარებით — 19.9%-ით ნაკლები. მათ შორის სესხებზე საპროცენტო ხარჯი 14.8 მილიონიდან 11.9 მილიონ ლარამდე, 19.5%-ით შემცირდა.
„ენგურჰესის“ ჯგუფში შედის 100%-იანი შვილობილი კომპანიები — შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ და შპს „ენგური ატრაქცია“, ასევე 50%-იანი წილით დაფუძნებული შპს „ენგურის ჰიდროაკუმულირებული ელექტროსადგური“. ამ უკანასკნელის პროექტი ჯერ მშენებლობის პროცესშია და ოპერირება დაწყებული არ აქვს. „ენგური ატრაქციის“ საქმიანობა ტურისტული ატრაქციების შექმნა და მართვაა.
BM.GE
წყარო: bm.ge