
"დამკვეთებს განსაკუთრებული გამოცდილება სურთ" - როგორ იცვლება ღონისძიებების დაგეგმვის ბაზარი?
საქართველოში ღონისძიებების დაგეგმვის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების მოთხოვნებიც იცვლება. ღონისძიებების ორგანიზატორის შეფასებით, დღეს დამკვეთებისთვის მხოლოდ სტანდარტული ფორმატის ღონისძიება აღარ არის საკმარისი და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კონცეფციისა და განსხვავებული გამოცდილების შექმნა.
როგორც კომპანია „ვანილა ივენთსის“ დამფუძნებელმა, თიკო ნიჟარაძემ BMGTV-ის გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა, ქართულ ბაზარზე მოთხოვნა საერთაშორისო ტენდენციებს სულ უფრო მეტად უახლოვდება.
„მომხმარებლების მოთხოვნები გაიზარდა, უკვე მსოფლიო ტრენდებზე ვართ გადასულები. მაგალითად, უცხოელი არტისტების ჩამოყვანა, განსაკუთრებული დეკორაციების შექმნა და ისეთი ემოციისა და გამოცდილების შეთავაზება, რომელიც კონკრეტულ კომპანიას ან ადამიანს უკავშირდება. მომხმარებლისგანაც სწორედ ასეთ, განსაკუთრებულ და განსხვავებულ ღონისძიებაზეა მოთხოვნა, ისეთზე, რომელიც პირადად მათთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა ნიჟარაძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი მზარდი მიმართულება საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებებისა და უცხოელი წყვილების ქორწილების ორგანიზებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება ინდოეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრებიდან. კომპანიის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილის ცნობადობის ზრდას შესაბამისი საერთაშორისო აქტივობებიც უწყობს ხელს.
„Destination ივენთები მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით აქტიურად დაიწყო მუშაობა. შედეგიც უკვე გვაქვს. ჩვენ თვითონაც ვუმასპინძლეთ რამდენიმე დიდ ინდურ, ფერად ქორწილს და ძალიან ბევრ მოთხოვნას ვიღებთ ინდოეთიდან, საამიროებიდან და სხვა ბაზრებიდან.
უცხოელებისთვის საქართველო საინტერესო და ახალი აღმოჩენაა, განსაკუთრებით კი მრავალფეროვანი ლოკაციებისა და იმ სტანდარტის გამო, რომლის შეთავაზებაც ადგილობრივ ივენთ ინდუსტრიას შეუძლია. კონკრეტულ მიმართულებებს რაც შეეხება, კახეთი ზაფხულსა და შემოდგომაზე განსაკუთრებით პოპულარულია და საერთაშორისო წყვილებისა და ორგანიზატორებისთვის ერთ-ერთ მოთხოვნად ლოკაციად რჩება“, - განაცხადა თიკო ნიჟარაძემ.
რაც შეეხება ფასებს, მისივე თქმით, ბაზრის ზრდის მიუხედავად, ღონისძიებების ორგანიზების ღირებულებას კომპანიაში ამ ეტაპზე უცვლელად ინარჩუნებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge