
დასანანია, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ მიმავალ ქვეყნებს შორის არ არის - პაველ ჰერჩინსკი
"ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სიძლიერე მრავალფეროვნებასა და საერთო წესების პატივისცემაზეა დაფუძნებული, რაც წევრი სახელმწიფოებისთვის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მთავარი გარანტიაა.
„შავი ზღვის მარგალიტი, ბათუმი, ღია და მრავალფეროვანი ქალაქია, რომელიც სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას აერთიანებს. ვინ, თუ არა თქვენ, ყველაზე უკეთ იცით ტოლერანტობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ფასი.
ევროპის ძალაც სწორედ მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობაა. საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია. მსოფლიო გამოწვევების ფონზე ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი ვითარება დროებითია და აღნიშნა, რომ ევროპული მხარე კვლავაც ერთგული რჩება ქართველი ხალხის მხარდაჭერისა.
"ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია. 30 წელზე მეტია, რაც ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად, უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას. წინ, საქართველო, წინ!", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
BM.GE
წყარო: bm.ge