
"დეზერტირების ბაზრის" მფლობელი კომპანია შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
ე.წ. „დეზერტირების ბაზრობის“ მფლობელი კომპანია "თბილის მოლი" ბაზრობის ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ წინამძღვრიშვილის N135-ში შექმნილი კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო, მასშტაბური გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
კომპანიის განმარტებით, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მძიმე დაზიანების შედეგად, შემკრები ჭების გამავლობა სრულად შეიზღუდა, რამაც ღია სივრცეში ფეკალური მასების დაღვრა გამოიწვია.
„ვითარების გამწვავებამ დამატებითი მძიმე შედეგები მოიტანა, დაიტბორა მიმდებარე შენობებსა და სასაწყობე სივრცეებში, შემდგომი რეალიზაციისთვის განთავსებული მარაგები. არსებულმა ანტისანიტარიამ, სასაწყობე ფართების მესაკუთრეებს და პროდუქციის მფლობელებს ფინანსური ზიანი მიაყენა.
შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნულ არეალში საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოვაჭრეებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობას, ტერიტორიაზე სავაჭრო პროცესი დროებით შეჩერდა“, - აცხადებენ შპს „თბილისი მოლში“.
განცხადების თანახმად, მუნიციპალური სამსახურების მიერ საგარეო მაგისტრალური ქსელების აღდგენითი პროცესების პარალელურად, კომპანია იწყებს კერძო საკუთრებაში არსებული შიდა ინფრასტრუქტურის სრულ გადაუდებელ რეაბილიტაციას, რაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების სრულ ჩანაცვლებასა და ტერიტორიის კომპლექსურ სანიტარიულ დამუშავებას მოიცავს. ამასთან, გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის მომზადება ტერიტორიის შემდგომი ეტაპობრივი განვითარებისა და მასშტაბური რეაბილიტაციისთვის.
კომპანიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უწყვეტ დიალოგში არიან იმ მოქალაქეებთან, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე საქმიანობდნენ.
„შესაბამის კერძო სექტორთან და მუნიციპალურ სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მიმდებარე არეალში მოვაჭრეებისთვის გონივრული, ალტერნატიული სავაჭრო სივრცეების მოძიებისა და შეთავაზების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge