
"დიდ მიღწევად მიმაჩნია, რომ დიაგნოზი სწორედ დავსვით" - შოთა ბერეკაშვილი "ფასების კომისიის" დასკვნაზე
ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროდუქციის ფასების შემსწავლელმა კომისიამ სწორი დასკვნა დადო, რასაც შოთა ბერეკაშვილი დიდ მიღწევად აფასებს. ამის შესახებ მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
ის „გახარია საქართველოსთვის“ წევრს დაჯი კოვზირიძის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კომისია არა ფასების შემცირების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია იყო.
„ფასების შემსწავლელ კომისიასთან დაკავშირებით მინდა, გამოვეხმაურო კრიტიკას - პირველ რიგში დავიწყებ იმით, რატომ შეიქმნა ეს კომისია. ეს იყო პარტია „ქართული ოცნების“ კერძოს პრემიერის ინიციატივა, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წელს საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია განსაკუთრებით გაიზარდა. გასულ წელს საშუალო ინფლაცია იყო 3.9%, რაც მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იყო. თუმცა საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია მაღალი იყო, ჩვენი ინიციატივა იყო შეგვესწავლა რა იწვევს ამ პროცესს და რატომ მოხდა გაძვირება. პირველ რიგში, ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია. კომისიის მიზანი იყო რომ პირველ რიგში პრობლემების იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა, თუ რა პრობლემები იწვევს საკვებ პროდუქტებზე ინფლაციას. შემდეგ გაგვეკეთებინა ანალიტიკა - სექტორის სიღრმისეული შესწავლა და ამის შემდეგ დაგვედო გეგმა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო აღნიშნული პრობლემის მოგვარება. სწორედ ეს 104-გვერდიანი დასკვნა ამისგან შედგება და ის 3 ნაწილად არის დაყოფილი. პირველი არის მოკლევადიანი დროებითი ღონისძიება, მეორე საშუალო პერიოდზე გაწერილი, კონკრეტული სისტემური რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორის გაჯანსაღებას და მესამე არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც გაწერილია 2-3 წელზე, რომელიც ფასწარმოქმნაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემას - მიწოდების გრძელი ჯაჭვის დამოკლების საშუალებას მოგვცემს და სექტორი ეფექტური გახდეს.
ეს ფასი, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ხედავს, ეს არ არის ქსელის ფასი. ის სამი კომპონენტისგან იქმნება - იმპორტიორ-მწარმოებელი, დისტრიბუტორი და ქსელი. სწორედ მათი ერთიანობა ქმნის ფასს და ჩვენ სრულყოფილად შევისწავლეთ ეს მიწოდების ჯაჭვი. თქვენმა კოლეგებმა ქალბატონო დაჯი, ჩვენს დასკვნას აკადემიური უწოდეს. მართლაც აკადემიური უნდა იყოს დასკვნა, რომელიც ეხება სექტორს, რომლის ბრუნვას ჩვენი ეკონომიკის 20%. აქ რაიმე აგრესიული ფორმით ჩარევა ან გადაცდომა, შეიძლება სავალალო გახდეს არამხოლოდ სექტორისთვის, არამედ მთლიანად სექტორისთვის. სწორედ ამიტომ დასკვნა საკმაოდ სიღრმისეული იყო. მე პირადად დიდ მიღწევად მიმაჩნია, რომ დიაგნოზი სწორედ დავსვით“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.