
დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს
ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებული ე.წ. Neocloud-კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად ეცემა, რაც ჭარბი ვალის დაგროვებას და ინვესტორებში შიშის გაჩენას უკავშირდება.
სექტორზე ზეწოლა განსაკუთრებით ილონ მასკის განცხადებამ გააძლიერა, რომლის თანახმადაც, სექტორში მოქმედ 200-ზე მეტ მოთამაშეს ფინანსური კოლაფსი და მასშტაბური კონსოლიდაცია ემუქრება.
მასკის შეფასებით, ბოლო კვირებში საკრედიტო ბაზრებმა ფინანსურ რესურსებზე წვდომა თითქმის სრულად შეუზღუდა იმ კომპანიებს, რომლებსაც მონაცემთა ცენტრებისგან დამოუკიდებელი, სტაბილური შემოსავლის წყაროები არ გააჩნიათ.
მან აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში უმრავლესობას გაკოტრება ემუქრება, კრიზისის გადალახვას კი მხოლოდ რამდენიმე მათგანი შეძლებს.
მასკმა ისიც თქვა, რომ SpaceX-მა მონაცემთა ცენტრების გასავითარებლად ცოტა ხნის წინ $40 მილიარდის მოზიდვა შეძლო, თუმცა მისი შეფასებით, ეს კომპანიამ მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ SpaceX-ის შემოსავლები მხოლოდ AI-ზე არ არის დამოკიდებული და მას Starlink-ის ინტერნეტის და რაკეტების გაშვების ბიზნესიც აქვს.
პარალელურად, ანალოგიური რისკები ვენჩურული ფონდის, Social Capital-ის დამფუძნებელმა, ჩამათ პალიჰაპიტიამაც გააჟღერა. მისი პროგნოზით, 2027 წელი არასწორი ინვესტიციებისგან ბაზრის გაწმენდის რთული ეტაპი იქნება, ვინაიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების ჩიპები და გამოთვლითი სიმძლავრეები მოთხოვნის ნაკლებობის გამო გამოუყენებელი დარჩება.
ცნობისთვის, სექტორში გაყიდვების ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც CoreWeave-ის ხუთწლიანი საკრედიტო დეფოლტის სვოპების სპრედმა სავალალო მაჩვენებელს მიაღწია, ობლიგაციების სარგებელმა კი საგრძნობლად მოიმატა. ინვესტორებში შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ კომპანიები NVIDIA-ს ძვირად ღირებული ჩიპების შესაძენად და მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად უპრეცედენტო მოცულობის სესხებს იღებენ და თავად ამ ვალდებულებების მომსახურების ფინანსური ნაკადები მათ ამჟამად არ გააჩნიათ.
რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, ბოლო ერთი თვის ჭრილში CoreWeave-ისა და Nebius-ის კაპიტალიზაცია 30%-ზე მეტით დაეცა, Iren-ის დანაკარგმა კი 40% შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge