
რამდენი ომი დაასრულა დონალდ ტრამპმა რეალურად?
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ მან რვა შეიარაღებული კონფლიქტი დაასრულა.
თუმცა, როგორც WION-ი წერს, მის მიერ დასახელებული დაპირისპირებების ნაწილი სრულმასშტაბიანი ომი არც არასდროს ყოფილა, ზოგიერთი მათგანი კი მისი პრეზიდენტობის პირველ ვადას უკავშირდება.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა საკუთარ მიღწევად კამბოჯა-ტაილანდის, პაკისტან-ინდოეთის, კოსოვო-სერბეთის, ისრაელ-ირანის, ეგვიპტე-ეთიოპიის, სომხეთ-აზერბაიჯანის, კონგო-რუანდისა და ღაზის სექტორის კრიზისების მოგვარება დაასახელა.
ფაქტების გადამოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ მშვიდობის დამყარების პროცესში ამერიკული მხარის გადამწყვეტი როლი რამდენიმე სახელმწიფოში საერთოდაც არ გამოკვეთილა.
WION-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის დიპლომატიურმა ძალისხმევამ რეალური შედეგი მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით გამოიღო. კერძოდ, ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება 2025 წლის 8 აგვისტოს დაასრულა, როდესაც მხარეებმა თეთრ სახლში სამშვიდობო დეკლარაცია გააფორმეს. ორივე ქვეყნის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას გაწეული შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა.
პარალელურად, აშშ-ის ადმინისტრაციამ ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის ორწლიანი ომის შეწყვეტას შეუწყო ხელი.
რაც შეეხება სხვა ცხელ წერტილებს, იქ მიღწეული შეთანხმებები ან არამდგრადი აღმოჩნდა ან შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. მაგალითად, 2025 წლის 20 ივნისს დაანონსებული სამშვიდობო ხელშეკრულების მიუხედავად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა, რასაც ტრამპი მხოლოდ მცირე აფეთქებებს უწოდებს.
ანალოგიური ვითარებაა ტაილანდსა და კამბოჯას შორის, სადაც სავაჭრო შეთანხმების შეჩერების მუქარით ივლისში მიღწეული ზავი გასული წლის დეკემბერშივე დაირღვა. Reuters-ის ცნობით, მხარეებმა ახალი დოკუმენტი უკვე აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე გააფორმეს.
საინტერესო შემთხვევაა ინდოეთისა და სერბეთის კონფლიქტები, სადაც ომის პრევენციაში თეთრი სახლის ლიდერის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფენ.
მაგალითად, ტრამპის მტკიცებით, მისი ჩარევის გარეშე ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბირთვული ომი დაიწყებოდა. ოფიციალური ნიუ-დელი კი აცხადებს, რომ 2025 წლის მაისში, პაჰალგამის ტერაქტის საპასუხოდ დაწყებული სამხედრო მოქმედებები მესამე მხარის გარეშე, ორმხრივი მოლაპარაკებით დასრულდა. მსგავსი პოზიცია აქვს სერბეთის პრეზიდენტსაც, რომელმაც 2025 წლის ივლისში განაცხადა, რომ კოსოვოსთან რაიმე სახის სამხედრო ესკალაციის საფრთხე საერთოდაც არ არსებობდა.
საინტერესოა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადას უკავშირდება ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის არსებული უთანხმოება. ის მდინარე ნილოსზე აშენებულ ჰიდროელექტროსადგურს ეხებოდა, თუმცა პროცესი შეიარაღებულ კონფლიქტში არასდროს გადაზრდილა.
BM.GE
წყარო: bm.ge