
დიუშენის პაციენტებისთვის „დაიცავი ილიაუნის“ მარათონით შეგროვებული თანხა ₾2 მლნ-მდე გაიზარდა - რა დანიშნულებით მიიმართება თანხა
მოძრაობა "დაიცავი ილიაუნი" დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მხარდამჭერი მარათონით შეგროვებული თანხის მოცულობა 2 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ მოძრაობის წევრმა ქრისტინე ხაჟომიამ გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი შეფასებით, მათ საოცარ შედეგებს მიაღწიეს, რადგან თავდაპირველი მოლოდინი არც ისე ოპტიმისტური იყო, ყველაფერი კი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად კეთდებოდა.
„პირველ რიგში მივაღწიეთ საოცრებას. ეს შედეგი თავდაპირველი გადმოსახედიდან შეუძლებელი რამ იყო, ჩვენი ემოციებიც, თავიდან ცოტა პესიმისტური იყო. არავის ჰქონდა იმისი იმედი და განცდა, რომ 100 000-მდე მაინც შეგროვდებოდა ეს თანხა, და ჩვენ ამხელა მიზნის მიღწევას შევძლებდით. თუმცა გავიდა ერთი, ორი, სამი დღე და უკვე მესამე დღე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, როდესაც ფაქტობრივად დიდი აფეთქება მოხდა. და ამ დიდ აფეთქებაში ვგულისხმობ იმას, რომ შეგროვდა თანხა, რომელიც 100,000-ს ძალიან უახლოვდებოდა. და ყოველდღე ეს რიცხვი ისე იზრდებოდა. მოგვიანებით მოსახლეობა უკვე ერთლარიან კამპანიაში ჩაერთო, ისეთი ადამიანები რიცხავდნენ ერთ ლარს, რომელსაც ალბათ ბოლო კაპიკი ედო ჯიბეში. ამან ჩვენი ემოციები გააორმაგა და ყველანაირი პესიმიზმი წაიშალა... ეს ენერგია და ეს შრომა ნამდვილად ღირდა იმიტომ, რომ საბოლოოდ ჯამში ბავშვებზე და მათ ჯანმრთელობაზე იყო საუბარი. მოვახერხეთ ეს ყოველივე და მოვახერხეთ ისიც რომ ₾2 მილიონამდეც კი ავიდა ეს თანხა რომელიც ბავშვებს გადავეცით და მათ ჯანმრთელობას მოხმარდება“, - განაცხადა ქრისტინე ხაჟომიამ.
კითხვაზე - რა დანიშნულებით მიიმართება აღნიშნული თანხა, “დაიცავი ილიაუნის” კიდევ ერთი წევრი ლადო ჯახუამ პირველ რიგში მარათონში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა: „ეს თანხა სრულიად ბავშვებს მოხმარდა. იყო იდეა, რომ მათთვის საყოფაცხოვრებო ნივთები შეეძინათ - სასუნთქი აპარატები და იცოდეს საზოგადოებამ, რომ ბევრ ბავშვს სამწუხაროდ არ შეუძლია სუნთქვა და სასუნთქი აპარატზეა მიერთებული, ასევე ბევრ ადამიანს არ შეუძლია, არა აქვს ადაპტირებული საწოლი, რომელიც მათ კომფორტულ წოლაზე არის ორიენტირებული, ასევე ადაპტირებული ეტლი და ბევრი სხვა რამ, ასევე ოპერაციის თანხა საზღვარგარეთ... კიდევ ერთხელ ვეტყვი საზოგადოებას, რომ საზოგადოებამ დაანახა ერთიანობა და ბავშვებს ამდენი ხნის შემდეგ ის იმედი და ის სიხარული დაუბრუნა რომელსაც ისინი უკვე წლებია ითხოვენ. ბოლო 1 თვეა მშობლებიც ამ მოთხოვნით არიან, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წამალი და ისინი უნდა იყვნენ ბედნიერები და გახარებულები, რადგან ბავშვი არის სწორედ ქვეყნისა და სახელმწიფოს მთავარი მიზანი და მომავალი“.
“დაიცავი ილიაუნის” წევრი იოანე ქაფიანიძე კი აცხადებს, რომ ამ მარათონში სტუდენტებთან და მოქალაქეებთან ერთად ბიზნესი და მედია ჩაერთო, რამაც საერთო ჯამში „ქართველი ხალხის სახე“ გამოაჩინა.
„როდესაც იდეა დაიბადა, არ ველოდით, რომ ამ საქმეში ილიაუნის სივრცის გარეთ სხვებიც ჩაერთვებოდნენ, თუმცა პროცესში არა მარტო ილიაუნის წევრები, არამედ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვნენ. თან საკმაოდ აქტიურად და საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდნენ ამაში. არ ველოდით, რომ ამაში ჩაერთვებოდნენ ბიზნესები. მოლოდინები იმაზე ბევრად მწირი იყო, ვიდრე ეს გამართლდა, რადგან ჩვენი მიზანი 100,000 ლარი იყო და პირველ დღეს კანცელარიასთან ღამის გათენების შემდეგ სულ რაღაც 2000 ლარი იყო შეგროვებული. ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ გაგვეგრძელებინა ეს უწყვეტი ლაივსტრიმი იქამდე სადაცმდეც საჭირო იქნებოდა. ასეც მოხდა და ფაქტობრივად საქმის 1000%-ზე მეტი შევასრულეთ“, - განაცხადა იოანე ქაფიანიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge