
Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო
კომპანია Pop Mart International Group Ltd.-ის განცხადებით, მესამე კვარტალში გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 50%-ით დაეცა. ამის მიზეზი სათამაშო Labubu-ს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შენელება გახდა.
კომპანიის წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში დასრულებულ სამთვიან პერიოდში საერთო შემოსავალმა 45-დან 50%-მდე იკლო. შედარებისთვის: გასული წლის იმავე პერიოდში შემოსავლების დაახლოებით 250%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში, Pop Mart-ის შემოსავლები ჩინეთში 25-30%-ით შემცირდა, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ბაზრებზე გაყიდვების ვარდნამ 70-75% შეადგინა.
გაყიდვების ვარდნა ხაზს იმ არასტაბილურობას უსვამს, რაც მოულოდნელ ვირუსულ პოპულარობას ახლავს ხოლმე. Labubu-ზე მოთხოვნამ პიკს 2025 წელს მიაღწია, როდესაც მის შეძენას K-pop-ის ვარსკვლავები, ჰოლივუდის ცნობილი სახეები და რიგითი მომხმარებლები ცდილობდნენ. მიღებულმა ფინანსურმა შედეგებმა კომპანიაზე წნეხი გააძლიერა, რადგან წელს მოთხოვნა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე შესუსტდა.
მიუხედავად იმისა, რომ Pop Mart-მა 2026 წელი კორექტირების წლად შეაფასა, იზრდება შეშფოთება, რომ ზრდის ტემპის შენელება 2027 წელსაც გაგრძელდება. HSBC Holdings-ის ანალიტიკოსებმა 2027 და 2028 წლების შემოსავლების პროგნოზები შესაბამისად 8%-ით და 9%-ით შეამცირეს და მიზეზად სტაბილიზაციისკენ მიმავალი უფრო ხანგრძლივი გზა დაასახელეს. ბანკმა ასევე დაახლოებით 4%-ით შეამცირა 2026 წლის გაყიდვების მოლოდინი.
ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და მომხმარებელთა ინტერესის შესანარჩუნებლად, Pop Mart-მა საცალო ქსელის გაფართოება საკვანძო შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე ფლაგმანური მაღაზიებით გააგრძელა. კომპანიამ ჰანჯოუში, დასავლეთის ტბის მახლობლად სამსართულიანი მაღაზია გახსნა, სექტემბერში კი პარიზში, ოსმანის ბულვარზე ევროპული ფლაგმანური სივრცე აამოქმედა.
მიმდინარე კვარტალში გაყიდვების პიკურ სეზონზე შესვლასთან ერთად, Pop Mart-ი საერთაშორისო ბაზრებზე გამოცოცხლებას ამჩნევს - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელებმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მესამე კვარტალში რითეილერის მაღაზიების რაოდენობამ აშშ-ში 100-ს გადააჭარბა; წლის ბოლომდე იგეგმება ნიუ-იორკის ფლაგმანური მაღაზიის გახსნა, მომავალი წლის პირველ ნახევარში კი აშშ-ში კიდევ ერთი მსხვილი ობიექტი დაემატება.
ევროპაში, მომავალი წლის პირველ კვარტალში ფლაგმანური მაღაზიის გახსნა მილანშია დაგეგმილი, პარალელურად კი მზადდება მეორე ფლაგმანური სივრცე პარიზში. კომპანიის მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ 2026 წლის მთლიანი მონაცემებით ჩინეთის შიდა ბაზარი ზრდას აჩვენებს.
BM.GE
წყარო: bm.ge