
დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი "ფაქტობრივად დასრულებულად" გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი "ფაქტობრივად დასრულებულად" გამოაცხადა და თეირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის ესკალაცია გამორიცხა.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განმარტა, რომ ისრაელი და ახლო აღმოსავლეთის სხვა მოკავშირეები ირანული საფრთხისგან სრულად არიან დაცულნი. მანვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი სამხედრო მოქმედებების საჭიროება არ დგას, თუმცა ვითარების ცვლილების შემთხვევაში, ვაშინგტონი სრულმასშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლადაც სრულ მზადყოფნაშია. პრეზიდენტის შეფასებით, კონფლიქტის დასასრულებლად დადებითი დინამიკა შეინიშნება.
ტრამპის ამ განცხადებას წინ ოვალურ კაბინეტში კატარის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან გამართული მოლაპარაკებები უძღოდა. სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ოფიციალური დოჰა თეთრ სახლს საბრძოლო მოქმედებების განახლებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.
ცნობისთვის, თითქმის ცხრათვიანი სამხედრო კონფლიქტის განმავლობაში დონალდ ტრამპმა თეირანთან სამშვიდობო შეთანხმების მოახლოების შესახებ არაერთხელ განაცხადა, თუმცა მოლაპარაკებების სტატუსთან დაკავშირებული მისი შეფასებები ხშირად გადაჭარბებული აღმოჩნდა.
BM.GE
წყარო: bm.ge